თვითმმართველობის არჩევნები 2021

ბოკერია: ინიციატორები ვიყავით შეთანხმების, მოხარული ვარ, რომ დაგვიანებით, მაგრამ შედგა

"ინიციატორი ვიყავით ევროპული საქართველო საჯაროდ, რომ ამ ტიპის შეთანხმება შემდგარიყო და მოხარული ვარ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედგა", - თქვა პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ოპოზიციის ნაწილს შორის თვითმართველობის არჩევნებისთვის კოორდინაციაზე საუბრის დროს.

დღეს, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატებს დაუჭირეს მხარი.

"შემდგომი შეთანხმებებიც არის უკვე წინასწარ შეჯერებული და ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა დღეს განაცხადა, რომ თბილისში მერობის კანდიდატად უჭერს მხარს ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად - ელენე ხოშტარიას, ასევე გირჩი ზურა ჯაფარიძის სახით არის ნაწილი ამ შეთანხმების, მე არ ვიცი, რა ფორმით, კონსულტაცია მაგ საკითხზე გრძელდებოდა", - თქვა ბოკერიამ.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პარტიებს, რომლებსაც სხვადასხვა საკითხზე, შესაძლოა, გასხვავებული პოზიცია ჰქონდეთ, კარგად ესმით "რამხელა საფრთხეა ივანიშვილის რეჟიმი".

"ევროპული საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად აღმოფხვრა კორუფციის და დერეგულირება, ბიუროკრატიის შემცირება.

ამიტომ ჩვენთვის ამ შეთანხმების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანტიკორუფციული ჯგუფისა და დერეგულირების კომისიის თავმჯდომარედ ჩვენი ახალი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის წარდგენა და ის არის შეჯერებული კანდიდატი, მაგრამ ყველაფერი ეს მიმართულია იქითკენ და ეს არის ევროპული საქართველოს პოზიცია დიდი ხანია, რომ მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ დემოკრატიულმა ოპოზიციამ, იმ ძალებს, რომლებსაც ბევრ საკითხზე ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეს და ნორმალურ პირობებში ოპონენტები იქნებოდნენ მთლიანად, კარგად ესმით, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის რეჟიმი და ბოლო დღეებში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რამხელა საფრთხეა, თუ ისინი დროზე არ დავამარცხეთ და სწორედ ამიტომ დემონსტრირებას ახდენენ გონივრული კომპრომისებით საღი აზრის ფარგლებში შეთანხმებების, რაც არის დემონსტრირება იმისი, როგორი იქნება შემდეგ კოალიციური მართვა", - თქვა ბოკერიამ.

პროდასავლური ოპოზიციის დიდ ნაწილს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატები ეყოლებათ. თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კი - ელენე ხოშტარია. ამავდროულად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებს არ წარადგენს. შეთანხმებას უერთდება გირჩი - მეტი თავისუფლებაც, რომლის წევრიც თბილისის ვიცე მერი იქნება. 

კომენტარები