კრიმინალი

3 მილიონ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 28 800 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 919 977 ლარს.  გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები