კორონავირუსი საქართველოში

ჩიხლაძე საველე ჰოსპიტლებზე: საწოლების საწყობს ვხედავთ, დამატებითი პერსონალი დასჭირდება

სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საველე ჰოსპიტლების მოწყობას ეხმაურება. ჩიხლაძის თქმით, პაციენტებისთვის დამატებით საწოლებს დამატებითი სამედიცინო პერსონალი დასჭირდება.

"სრულფასოვანი საველე ჰოსპიტალი ეს ჯერ არ არის. ჯერჯერობით, ვხედავთ საწოლების საწყობს, მოდით, ასე დავარქვათ. მთავარ კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული – სამედიცინო პერსონალი, ექიმები, ექთნები, იქნებიან თუ არა მობილიზებული? აქამდე რატომ არ იყვნენ მობილიზებული?

არსებული ადამიანური რესურსი უკვე მთლიანად გადანაწილებული და დაკავებულია არსებული საწოლებით, ამიტომ, ამ 500 საწოლს სჭირდება დამატებით სამედიცინო პერსონალი". – თქვა ჩიხლაძემ.

თბილისში, დიღომსა და სამგორში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 2 სავალე ჰოსპიტალი ეწყობა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის განთავსდებიან კოვიდინფიცირებული პაციენტები საველე ჰოსპიტლებში, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს უკიდურესი ზომა იქნება.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 208 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდა 490 462 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 483 და გამოჯანმრთელდა 429 190 პირი.

კომენტარები