2022 წლის პეკინის ოლიმპიადა

USA Today: ფიგურულ სრიალში რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, სავარაუდოდ, დოპინგ ტესტი ჩააგდო

ამერიკული გამოცემა USA Today-ის ცნობით, პეკინის ოლიმპიადაზე, ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრის დაჯილდოების ცერემონია, სავარაუდოდ, დოპინგის გამოყენების შემთხვევის გამო გადაიდო. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დოპინგ ტესტი გამარჯვებული რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა ჩააგდო.

რუსეთის ფიგურული სრიალის ნაკრებში 15 წლის კამილა ვალიევა, 18 წლის მარკ კონდრატიუკი, წყვილებში მოასპარეზე 20 წლის ანასტასია მიშინა და 22 წლის ალექსანდრ გალიამოვი და ყინულზე მოცეკვავეები, 26 წლის ვიქტორია სინიცინა და 30 წლის ნიკიტა კაცლაპოვი შედიან. დოპინგ ტესტზე დადებითი შედეგი რომელ მათგანს დაუდასტურდა ჯერჯერობით უცნობია.

ფიგურული სრიალის გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი რუსეთმა დაიკავა, მეორე აშშ-მ, მესამე კი იაპონიამ. საქართველოს ნაკრებმა,  რომელმაც ოლიმპიადაზე ისტორიაში პირველად იასპარეზა, მეექვსე ადგილის დაკავება შეძლო.

კომენტარები