რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შავ ზღვაში რუსეთის ხომალდების აკრძალვა ძალიან მნიშვნელოვანია – ზელენსკის მადლობა ერდოღანს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინისთვის შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გავლის აკრძალვა ძალიან მნიშვნელოვანია.

"მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გავლის აკრძალვა და სამხედრო-ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს". – წერს ზელენსკი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთსა და კონკრეტულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები