რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი G7-ს: გთავაზობთ, გახდეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრისას მათ შესთავაზა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები გახდნენ. ზელენსკის თქმით, ეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

"მე ვაფასებ თითოეული თქვენგანის ძალისხმევას. მადლობელი ვარ იარაღისთვის, სანქციებისთვის და მხარდაჭერისთვის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი სანქცია და მეტი მხარდაჭერა თავისუფლების დაცულობის გარანტიისთვის, უსაფრთხოების შენარჩუნება ასწლეულების განმავლობაში უკრაინისთვის მკაფიო გარანტების შესახებ ეფექტური შეთანხმების გაფორმებით.

ვთავაზობ თქვენს სახელმწიფოებს – მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიულ ქვეყნებს – გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები, რადგან ეს უზრუნველყოფს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებას.  ეს უზრუნველყოფს თქვენი ხალხის დარწმუნებას, რომ თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს". – თქვა ზელენსკიმ.

დიდი შვიდეულის ქვეყნების სიაში შედიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები