რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სორელი: GOOGLE, META და AMAZON უკრაინაში ომის შედეგად სარგებელს მიიღებენ

Eóin Noonan, Sportsfile, Getty Images

მედია კომპანია S4 Capital-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მარტინ სორელის თქმით,  Google, Meta და Amazon უკრაინაში ომით სარგებელს მიიღებენ. ამის შესახებ სორელმა დავოსში ეკონომიკის ფორუმზე ისაუბრა. 

"ვფიქრობ, სამი დიდი ტექნოლოგიების კომპანია - Google (ან Alphabet), Meta და Amazon, უკრაინაში ომის შედეგად სარგებელს მიიღებენ". - თქვა მარტინ სორელმა. 

სორელის განმარტებით, თავდაცვა კიბერთავდაცვასაც გულისხმობს. შესაბამისად, ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური კომპანიები ომის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სორელს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მიიღებენ სარგებელს Alphabet, Meta და Amazon

"თავდაცვა კიბერთავდაცვასა და კიბერშეტევასაც ნიშნავს, ამიტომ ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური კომპანიები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება". - აღნიშნა სორელმა. 

გასათვალისწინებელია, რომ სამივე კომპანიას კიბერუსაფრთხოების საუკეთესო სისტემები აქვს. ამასთანავე, Google და Amazon Cloud სისტემასაც უზრუნველყოფენ, რისი გამოყენებაც მთავრობებს და კომპანიებს "კიბერომში" შეუძლიათ.

უკრაინაში ომი ვირტუალურ სივრცეშიც მიმდინარეობს: ჰაკერები "თავს ესხმიან" მტრის ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და  სამთავრობო საიტებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ბოლო დროს სახელმწიფოების მხრიდან რუსეთზე კიბერშეტევები გახშირდა, ამიტომ, მისი განმარტებით, აუცილებელია, უცხოური პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკის გამოყენების შემცირებით რუსეთმა კიბერთავდაცვა გააძლიეროს. 

კომენტარები