რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტები ავტობუსებს ანადგურებენ, რათა ხალხმა ევაკუაცია ვერ შეძლოს – მარიუპოლის საბჭო

მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციით, ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ ავტობუსეს, რათა მოსახლეობამ ევაკუაცია ვერ მოახერხოს. ინფორმაციას საბჭო TELEGRAM-ზე ავრცელებს. 

"მარიუპოლში ასე გამოიყურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ოკუპანტების მოსვლის შემდეგ. ეს არის "რუსული სამყაროს" სახე სრული სილამაზით. ავტობუსების მიზანმიმართული განადგურება ხალხის "გასათავისუფლებლად" ქალაქის ევაკუაციის შესაძლებლობისგან".- აღნიშნულია განცხადებაში. 

რუსეთი მარიუპოლს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 2 400-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ოკუპანტებს ჩაბარდა.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან. 29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსი დამპყრობლებისგან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გათავისუფლდება.

კომენტარები