რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA: ზაპოროჟიეს ატომური სადგური ისევ უკრაინის ელექტროქსელთანაა მიერთებული

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, 4 აგვისტო
REUTERS/Alexander Ermochenko

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ უკრაინის ქსელიდან. ინჟინრებმა თავდასხმის დროს დაზიანებული გარე ელექტროგადამცემის ერთ-ერთი ხაზის შეკეთება შეძლეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია. დაწესებულების უკრაინელ ინჟინრებს მუშაობის გაგრძელება რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლოთ.

25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, ენერგოქსელიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ბლოკი გაითიშა. ენერგოატომის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ზაპოროჟიეს თერმული ელექტროსადგურში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანასკნელი, მეოთხე კავშირის ხაზის ორჯერ გათიშვა. დანარჩენი სამი ხაზი აქამდე რუსი ოკუპანტების იერიშების შემდეგ გაითიშა. შედეგად, ქსელიდან გაითიშა ბოლო მოქმედი ორი ენერგობლოკი. 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება თბოსადგურის ერთი წყაროდან განახლდა.

11 სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა კიდევ ერთხელ სრულად შეჩერდა. ენერგოატომი აცხადებდა, რომ უკრაინის სისტემა რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

IAEA-ს ცნობით, ახლა ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობის, თუმცა უსაფრთხოებისთვის მათ ელექტროენერგია მაინც სჭირდება. 5 სექტემბრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოჯახებსა და ქარხნებს ელექტროენერგიით აღარ ამარაგებს.

კომენტარები