რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკანასკნელ დღეებში უკრაინის დაბომბვას გამოეხმაურა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულად შეაფასა. 

"გუშინ, ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ  თავდასხმა განახორციელა. ეს ახალი თავია ისედაც ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო წესრიგი გარკვევით გვეუბნება. ეს ომის დანაშაულებია. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზნობრივი თავდასხმა, რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჩაუკეტო წყალი, დენი და გათბობა, წმინდად ტერორის აქტებია". – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

რუსეთმა ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაიწყო. ოკუპანტები ძირითადად თავს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ესხმიან. 

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე 2 აფეთქება მოხდა. უკრაინელი Telegram-არხები წერენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა კიევში გრუშევსკის ძეგლთან, ვლადიმირსკაიას ქუჩაზე დაეცა. მათივე ცნობით ადგილზე მაშველები მუშაობენ, მოსახლეობა კი მეტროებში თავშესაფრისთვის ჩადის. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, კიევზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოქალაქე კი დაშავდა.

ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის - ერთი ბავშვი. რუსმა სამხედროებმა სლავიანსკიც დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე.

კომენტარები