რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: ხერსონი კვლავ უკრაინის დროშის ქვეშ არის და ეს გასაოცარია

MARK MAKELA / GETTY IMAGES

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა უკრაინას ხერსონის გათავისუფლება მიულოცა და მას "არაჩვეულებრივი გამარჯვება" უწოდა

"როგორც ჩანს, უკრაინელებმა ახლახანს არაჩვეულებრივი გამარჯვება მოიპოვეს - ერთ-ერთი რეგიონალური დედაქალაქი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავა, კვლავ უკრაინის დროშის ქვეშ არის, და ეს საკმაოდ გასაოცარია". - თქვა სალივანმა. 

სალივანის თქმით, რუსეთის უკან დახევას უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული შედეგები მოჰყვება. მაგალითად, რუსეთის მხრიდან სამხრეთ უკრაინის სხვა ქალაქებზე, მათ შორის ოდესაზე საფრთხის შემსუბუქება.

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც უკრაინელების წარმოუდგენელმა გამძლეობამ და ოსტატობამ, ასევე შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ერთიანმა მხარდაჭერამ განაპირობა". - თქვა სალივანმა.  

11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა, თუმცა, დადასტურებული არ იყო ინფორმაცია, შევიდნენ თუ არა მებრძოლები ქალაქში. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვიდეო გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მოქალაქეები ჯარისკაცებს დროშებითა და სიმღერით ეგებებიან და მადლობას უხდიან.  

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის შეთავაზების შემდეგ, ქალაქი ხერსონიდან და ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა

შოიგუს ბრძანებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონის ბრძოლის გარეშე დატოვების ნიშნებს ვერ ხედავდნენ. აქამდე უკრაინის დაზვერვა ფიქრობდა, რომ რუსეთს, შესაძლოა, დნეპრის მარჯვენა სანაპირო დაეტოვებინა, თუმცა უკრაინული ძალებისთვის შეტყუების მიზნით. საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა კომენტარი, თქვა, რომ "ასე არავინ არსად მიდის, თუ ძალას არ გრძნობს" და ხალხს ემოციების თავშეკავებისკენ მოუწოდა.

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.

ოკუპირებული ხერსონის ე.წ. რეგიონის ადმინისტრაციის მოადგილე, კირილ სტრემოუსოვი გასულ კვირაში ამბობდა, რომ მათი სამხედროები, შესაძლოა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ სტრემოუსოვი 9 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ევაკუაცია დაიწყო. 18 ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის მეთაურმა, ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ მიიღო "მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება" და მოსახლეობას დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადაიყვანდნენ. აქამდე, 5 დღით ადრე, სალდომ მოსახლეობის ევაკუაციაში დახმარება რუსეთის მთავრობას სთხოვა.

28 ოქტომბერს ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ოლქში მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაასრულეს, მათ შორის რეგიონალური ცენტრიდან, ქალაქი ხერსონიდან. ევაკუაცია სავალდებულო არ ყოფილა.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები