დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

საფრანგეთის სენატი აზერბაიჯანისთვის სომხეთის გამო სანქციების დაწესებას ითხოვს

საფრანგეთის სენატი

15 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის მთავრობას აზერბაიჯანისთვის, სომხეთსა და მთიანყარაბაღზე თავდასხმების გამო, სანქციების დაწესებას სთხოვს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 295-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ მხოლოდ ერთი წავიდა.

რეზოლუცია გმობს 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის თავდასხმებს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე და ბაქოს სომხეთიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს, ამას გარდა, სენატი იმეორებს სენატის 2020 წლის რეზოლუციას, საფრანგეთის მთავრობისთვის მთიანი ყარაბაღის აღიარების მოწოდებაზე. ასევე, რეზოლუცია ითხოვს გარანტიებს ლაჩინის დერეფნისთვის, რომ ეს მიმართულება უცვლელი დარჩეს.

"მთავრობას მოვუწოდებთ, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, განიხილონ აზერბაიჯანის ახალ თავდასხმებზე უმკაცრესი და ყველაზე ადეკვატური ზომების მიღება, მათ შორის აზერბაიჯანის ლიდერების საკუთრების კონფისკაცია და აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვის დაწესების შესაძლებლობა". – წერია რეზოლუციაში.

ამას გარდა, საფრანგეთის სენატი მთავრობას სთხოვს, რომ განიხილონ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ოფისის შექმნის საკითხი, ასევე "აჩვენონ პარიზის სრული მხარდაჭერა ერევნის მიმართ, ყველა შესაძლებლობით" და "გააძლიერონ სომხეთის თავდაცვის შესაძლებლობები".

საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა არ დააკონკრეტა, აპირებს თუ არა მთავრობა აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესებას, მაგრამ აღნიშნა, რომ "არც ერთი ქვეყანა უჭერს მხარს სომხეთს ისე, როგორც საფრანგეთი".

საფრანგეთში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა დიასპორამ სენატის გადაწყვეტილების პასუხად საპროტესტო აქცია გამართა.

კომენტარები