ევთანაზია

ბელგიელმა ქალმა, რომელმაც 5 შვილი მოკლა, სიცოცხლე 16 წლის შემდეგ, ევთანაზიით დაასრულა

ბელგიელმა ქალმა, რომელმაც 5 შვილი მოკლა, სიცოცხლე 16 წლის შემდეგ, ევთანაზიით დაასრულა. როგორც ადგილობრივი პრესა წერს ქალმა ევთანაზია თავადვე მოითხოვა.

ჟენევივ ლერმიტმა საკუთარი შვილები, 4 გოგო და 1 ბიჭი, რომელთა ასაკიც 3-დან 14-წლამდე იყო, 2007 წლის 28 თებერვალს, იმ დროს მოკლა, როდესაც ბავშვების მამა მაროკოში იმყოფებოდა.

ქალმა შვილებს სათითაოდ ყელი გამოჭრა, შემდეგ კი ამავე დანით თვითმკვლელობა სცადა, თუმცა, უშედეგოდ. ამის შემდეგ კი ლერმიტმა სასწრაფო დახმარების სერვისს მიმართა.

2008 წელს ჟენევივ ლერმიტს ბელგიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წელს კი ქალი სამართალდაცველებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბელგიაში კანონი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს აირჩიონ ევთანაზია იმ შემთხვევაში, თუ ისინი "აუტანელ" ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ტანჯვას განიცდიან, რომლის განკურნებაც შეუძლებელია. ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღების დროს, აუცილებელია, რომ ადამიანს საღი ცნობიერება ჰქონდეს და მისი სურვილი არგუმენტირებული და თანმიმდევრული იყოს.

56 წლის ჟენევივ ლერმიტმა ევთანაზიის თარიღად 28 თებერვალი აირჩია, როგორც "სიმბოლური ჟესტი საკუთარი შვილებისადმი პატივისცემის" გამოსახატავად.

კომენტარები