რუსული კანონი

თეთრი სახლი ზურაბიშვილისა და სალივანის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თეთრი სახლი  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მაღალჩინოსნები ერთმანეთს გუშინ, 10 მარტს შეხვდნენ. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა და სალივანმა საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს საერთო ინტერესებს ქვეყნის ევროინტეგრაციაში. 

"ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე გამოთქვეს საერთო შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზაციას გარე დაფინანსების მისაღებად, რამაც, შესაძლოა, ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა შეაფერხოს. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას ორი კანონპროექტის გაუქმების შესახებ. 

ასევე, მათ განიხილეს, რომ საჭიროა რუსეთმა სრული სიმძაფრით იგრძნოს სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების გავლენა, რათა პუტინმა ომისთვის პასუხი ამ ფორმითაც აგოს. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის საქართველო არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა". - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომენტარები