სასამართლო კლანის სანქცირება

ლელო მოსამართლეების სანქცირებაზე: მივესალმებით აშშ-ს ისტორიულ გადაწყვეტილებას

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ოთხი მოსამართლოს სანქცირებასთან დაკავშირებით პარტია ლელო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "პირველად აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა დასანქცირების მექანიზმი და სასამართლო კლანის ლიდერები დაასანქცირა". როგორც განცხადებაში წერია, "ლელო მიესალმება აშშ-ს ხელისუფლების ისტორიულ გადაწყვეტილებას".

"აშშ-ის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის საბოლოო განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის და სიგნალი ივანიშვილისთვის, რაც ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში სრულად და საბოლოოდ ამოიწურა ნდობის მანდატი ქართული ოცნების მთავრობისადმი. საქართველოს პარტნიორებმა საკმარისი დრო მისცეს ხელისუფლებას, რომელმაც განაგრძო ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმოება, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა, თავისუფალი მედიის შევიწროება და ქვეყნის საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩამოშორება, რაც საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას და ევროინტეგრაციის საბოტაჟს ემსახურებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია აგრეთვე იმისა, რომ "დეოლიგარქიზაცია“ დასავლეთში აღქმულია, როგორც ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ მართული კლანებისგან საქართველოს გათავისუფლება, რისკენაც აშშ-მ ქმედითი ნაბიჯები გადადგა.

ლელო განაგრძობს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას ქართული დემოკრატიისა და ევრიპული პერსპექტივის გაძლიერებისთვის საჭირო ზომების მიღების პროცესში ჩვენ სახელმწიფოს გაძლიერების და მტკიცე დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო კლანის დასანქცირების ინიციატივით 2021 წლის გაზაფხულზე სწორედ „ლელო საქართველოსთვის“ გამოვიდა ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში ვიზიტის დროს“, - წერია განცხადებაში.


ვინ არიან სანქცირებული პირები?

  • უვადო მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – მიხეილ ჩინჩალაძე;
  • უვადო მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – ლევან მურუსიძე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი შენგელაია;
  • ყოფილი მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – ვალერიან ცერცვაძე.

სანქცირებულ პირებს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

როგორც აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში.

კომენტარები