სხეულის ნაწილებით ვაჭრობა

ჰარვარდის მორგის მენეჯერს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში ედება ბრალი

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მორგის ყოფილ მენეჯერს და სამ სხვას ბრალი ედებათ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში. 

სედრიკ ლოჯმა, სავარაუდოდ, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში შემოწირული გვამების "თავები, ტვინი, კანი და ძვლები" ონლაინ გაყიდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მან და მისმა მეუღლემ, დენიზმა, სხეულის ნაწილები პენსილვანიასა და მასაჩუსეტსში გაყიდეს. სქემა, სავარაუდოდ, 2018-2021 წლებში მოქმედებდა.

პროკურორების მტკიცებით, სენდრიკ ლოჯმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში "ანატომიური საჩუქრების პროგრამის" მენეჯერის თანამდებობა სამედიცინო კვლევისთვის შემოწირული გვამების დასაშლელად გამოიყენა.

ჰარვარდის სტუდენტები შემოწირულ ორგანოებს სამედიცინო პროცედურების შესასწავლად იყენებენ. როდესაც სკოლა გვამების გამოყენებას ასრულებს, ხშირ შემთხვევაში კრემაციას უკეთებენ და ნეშტს ან ოჯახებს უბრუნებენ, ან უნივერსიტეტის სამედიცინო სასაფლაოზე კრძალავენ.

"ზოგჯერ სენდრიკ ლოკი ნებას რთავდა [სხვებს] შესულიყვნენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მორგში და გამოეკვლიათ გვამები, რათა აერჩიათ, რისი ყიდვა უნდოდათ". - ნათქვამია აშშ-ს პროკურატურის განცხადებაში.

კატრინა მაკლინმა და ჯოშუა ტეილორმა, სავარაუდოდ, სხეულის ნაწილები იყიდეს. 

გადასახადის განცხადების თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში, კატრინა მაკლინმა დაშლილი სახეები 600 დოლარად იყიდა. მაკლინი მაღაზიის მფლობელია, სახელად Kat's Creepy Creations. ის თოჯინებს სისხლით გაჟღენთილ, საშიშ ქმნილებებად აქცევს. ჯერ გაურკვეველია, გამოიყენა თუ არა მან გვამის ნაწილები საკუთარ პროდუქტებში. 

ჯოშუა ტეილორმა კი ოთხი წლის განმავლობაში სხეულის მოპარული ნაწილებისთვის $37 000-ზე მეტი გადაიხადა.

ოთხივე ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს შეთქმულებისა და მოპარული საქონლის სახელმწიფოთაშორისი ტრანსპორტირების ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ჯორჯ ქ. დეილიმ თქვა, რომ "შეძრწუნებული იყო იმის გაგებით, რომ რაღაც ასეთი შემაშფოთებელი შეიძლება მომხდარიყო კამპუსში" და დაადასტურა, რომ სედრიკ ლოჯი სამსახურიდან 6 მაისს გაათავისუფლეს.

კომენტარები