ბრაზილია

ჟაირ ბოლსონაროს 2030 წლამდე არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა

ჟაირ ბოლსონარო
AP

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს 2030 წლამდე არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. გადაწყვეტილება ამის შესახებ ბრაზილიის ფედერალურმა საარჩევნო სასამართლომ მიიღო. 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ბოლსონაროს მიერ ძალაუფლებისა და მედიის ბოროტად გამოყენება. კერძოდ, ბოლსონაროს მიერ 2022 წელს, არჩევნების წინ, უცხო ქვეყნის ელჩების დაბარება და ბრაზილიის საარჩევნო სისტემაზე დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერება.

მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა ბრაზილიის იუსტიციის მინისტრი, ფლავიო დინო.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილია საარჩევნო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: ტყუილი არ არის საჯარო ფუნქციის შესრულების ლეგიტიმური ისნტრუმენტი და პოლიტიკა ჯუნგლების წესებით არ იმართება. დემოკრატრატიამ ათწლეულების მანძილზე ყველაზე მძლავრი სტრესის ტესტი ჩააბარა". – ამბობს ბრაზილიის იუსტიციის მინისტრი.

 8 იანვარს ბრაზილიის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესის, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პროტესტანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვენ.

ფედერალური ოლქის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის სამდივნოს ინფორმაციით, თავდასხმების შემდეგ ფედერალური ოლქის სამხედრო პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 2 082 ადამიანი დააკავეს.

პროტესტის ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მან 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო დაამარცხა.

ბრაზილიაში არჩევნების მარცხის შემდეგ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა ქუჩები გადაკეტეს

კომენტარები