საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

GPBA: გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე პოლიტიკური ძალების მხრიდან

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ "ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მიერ".

ასოციაციის განმარტებით, განსაკუთრებით საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად შეიძლება აღიქმეს. გარდა ამისა, ასოციაციამ სოლიდარობა გამოუცხადა ყველა მწერალს, მთარგმნელსა და ავტორს.

"30 წელზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედი წიგნის გამომცემლობები ქვეყნის წინსვლას ვემსახურებით. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სირთულე დავძლიეთ, რომ შინ თუ გარეთ, მთელი მსოფლიოს თვალში, საქართველო თანამედროვე ტოლერანტულ სახელმწიფოდ წარმოჩენილიყო.

სამწუხაროდ, „ჩაკეტილი საზოგადოების“ მძიმე მემკვიდრეობა კვლავაც ხშირად იჩენს თავს. ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.

გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან. წიგნი და ლიტერატურა რეალობის ამსახველი ცოცხალი პროცესია, რომელიც წარმოუდგენელია მრავალფეროვნების გარეშე. სწორედ ეს მრავალფეროვნება აერთიანებს და აძლიერებს დღეს საქართველოს წიგნის საგამომცემლო სექტორს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ავტორს, მთარგმნელს, გამომცემელს, რომელიც ტენდენციური, შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო დაზარალდა. მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარება დაისახონ მიზნად, რომელთა შორის წიგნიერებისა და განათლების ხელშეწყობის საკითხი უპირველესია. რა თქმა უნდა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ყოველთვის მზად იქნება კონკრეტული ინიციატივების განხილვისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის". - წერია განცხადებაში.

მანამდე, 30 ივნისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ლგბტ პროპაგანდასა და მასთან დაკავშირებულ "ამორალურობაზე" საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას არ გამორიცხავს. 

საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ ლგბტ პროპაგანდა ევროპასა და აშშ-ს სკოლებსა და ბაღებში შევიდა, რაც მიუღებელია. მისი მტკიცებით, "ამორალური კამპანია" აწარმოა მაკდონალდსმა. მან ასევე გააკრიტიკა სულაკაურის გამომცემლობა. 

კომენტარები