ნიგერი

გავრცელებულ ჩანაწერში პრიგოჟინი ნიგერის სამხედრო გადატრიალებას მიესალმება

ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვის დატოვების დროს, 24 ივნისი, 2023 წელი.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, დასავლეთ აფრიკის ქვეყნის, ნიგერის სამხედრო გადატრიალებას მიესალმა და სამხედროებს წესრიგის დასამყარებლად მისი მებრძოლების სერვისი შესთავაზა

ვაგნერთან ასოცირებულ Telegram-ის არხებზე 27 ივლისს გავრცელებული ხმოვანი შეტყობინების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი გადატრიალებაში მონაწილეობას არ აცხადებს, ის მას აღწერს, როგორც "დასავლური კოლონიალიზმისგან გათავისუფლების" დიდი ხნით დაგვიანებული მომენტს. ამას გარდა, როგორც ჩანს, რუსი ოლიგარქი ამზადებს საკუთარ მებრძოლებს, რათა ქვეყანას "წესრიგის აღდგენაში" დაეხმაროს. 

"რაც მოხდა ნიგერში, სხვა არაფერია, თუ არა ნიგერის ხალხის ბრძოლა კოლონიზატორებთან. კოლონიზატორებთან, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ თავიანთი ცხოვრების წესები და მათი პირობები და შეინარჩუნონ ისინი იმ მდგომარეობაში, რომელშიც აფრიკა ასობით წლის წინ იყო [...]

დღეს ისინი ფაქტობრივად იბრუნებენ დამოუკიდებლობას. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ნიგერის მოქალაქეებზე და რამდენად ეფექტური იქნება მმართველობა, მაგრამ მთავარი ეს არის: მათ მოიშორეს კოლონიზატორები". - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც 27 ივლისს გამოქვეყნდა. 

ქვეყანამ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია, მაგრამ ასევე ფლობს ურანის უმსხვილეს საბადოებს, საფრანგეთისგან სრული დამოუკიდებლობა 1960 წელს გამოაცხადა.

ხმოვანი შეტყობინება იმის უახლესი ნიშანი იყო, რომ პრიგოჟინი და მისი მებრძოლები აქტიურად რჩებიან აფრიკაში, სადაც მათ ჯერ კიდევ აქვთ უსაფრთხოების კონტრაქტები ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. 

ვაგნერის როლი აფრიკაში დასავლეთის მთავრობების, მათ შორის საფრანგეთისა და შეერთებული შტატების შეშფოთების წყაროა. ვაშინგტონმა ჯგუფი სისასტიკეში დაადანაშაულა და მას სანქციები დაუწესა. პრიგოჟინი კი ამბობს, რომ ის კანონიერად მუშაობს.


27 ივლისს ნიგერის დედაქალაქ ნიამეიში გადატრიალების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც მათი შეძახილებიდან ჩანდა, ისინი რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მხარდამჭერებიც იყვნენ და რუსეთის დროშებს აფრიალებდნენ. შემდეგ მათ დაწვეს მანქანები და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის პარტიის სათავო ოფისი დაარბიეს.

ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება გასულ დღეს გამოაცხადეს.

აჯანყებულებთან მოლაპარაკებებში ჩართული არის საფრანგეთი და ნიგერიაც.

2020 წლის შემდეგ ეს დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკის რეგიონში მომხდარი მეშვიდე სამხედრო გადატრიალებაა და შესაძლოა დასავლეთს გაურთულოს საჰელის რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა ჯიჰადიზმთან ბრძოლაში.

ამას გარდა, ნიგერი ევროკავშირისთვის იყო მნიშვნელოვანი მოკავშირე სუბსაჰარული აფრიკიდან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მოქმედებაში. გასულ წელს საფრანგეთმა სამხედროები ნიგერიდან მალიში გადაიყვანა, როცა შუალედურ მთავრობასთან ურთიერთობა გაურთულდათ. მსგავსი დაძაბულობის დროს მათ ძალები ბურკინა ფასოდანაც გამოიყვანეს.

მას შემდეგ რაც ნიგერმა 1960 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ეს უკვე მეოთხე სამხედრო გადატრიალებაა. ბაზუმი იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი.

კომენტარები