ჯეიმს ვები

ჯეიმს ვების ტელესკოპმა კითხვის ნიშნის ფორმის კოსმოსური ობიექტი აღბეჭდა

NASA/ESA/CSA/Joseph DePasquale (STScI)

ჯეიმს ვების ტელესკოპმა ღია კოსმოსში კითხვის ნიშნის ფორმის კაშკაშა ობიექტი აღბეჭდა.

"კოსმოსური კითხვის ნიშანი" ტელესკოპის მიერ ახალგაზრდა ვარსკვლავების წყვილისთვის, Herbig-Haro 46/47-ისთვის გადაღებულ სურათზე შენიშნეს. აღნიშნულ ვარსკვლავებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან და ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ, 1950-იანი წლებიდან აკვირდებიან.

მეცნიერები დაზუსტებით ვერ ამბობენ რა შეიძლება იყოს კითხვის ნიშნის ფორმის ობიექტი, თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ირმის ნახტომში მდებარე ვარსკვლავი არ არის და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ გამოსახულება დედამიწიდან მილიარდობით სინათლის წლით დაშორებული ორი გალაქტიკის შერწყმას ასახავს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, გალაქტიკების შერწყმის დროს კითხვის ნიშნის ფორმის წარმოქმნა აქამდეც დაუფიქსირებიათ, მათ შორის, ყორნის თანავარსკვლავედში მდებარე საცეცების გალაქტიკების შერწყმისას.

ცნობისთვის, გალაქტიკების შეჯახება და შემდგომში თანდათანობით შერწყმა, რის საფუძველზეც ახალი, უფრო დიდი გალაქტიკა წარმოიქმნება, კოსმოსში მუდმივად მიმდინარეობს და მეცნიერების დათვლებით არსებული გალაქტიკების დაახლოებით 25% ახლაც ამ პროცესშია. ირმის ნახტომიც სხვადასხვა უფრო მცირე ზომის გალაქტიკების შერწყმის შედეგად წარმოიქმნა და მომავალშიც, დაახლოებით 4 მილიარდ წელიწადში ანდრომედას გალაქტიკასთან შეჯახების შემდეგ კიდევ უფრო დიდი კოსმოსური ობიექტის ნაწილი გახდება.

კომენტარები