საქართველო-ევროკავშირი

პრემიერმა აქამდე კანდიდატის სტატუსის არმიცემას უსამართლო უწოდა, ბორელმა უპასუხა

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართული პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანდასწრებით  საქართველოსთვის აქამდე ევროკავშირის სტატუსის არმიცემას უსამართლო უწოდა. 

"ვფიქრობთ, ეს (კანდიდატის სტატუსის არმიცემა საქართველოსთვის) იყო უსამართლო, იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბოლო ათ წელიწადში განსაკუთრებით." - თქვა პრემიერმა.

პრესკონფერენციისას ღარიბაშვილმა არაერთხელ ახსენა უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის მინიჭების საკითხი. მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბონუსი უწოდა და სწორედ ამის ფონზე შეაფასა საქართველოს სიტუაცია უსამართლოდ. 

"შარშან რა თქმა უნდა, როცა მიიღო სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად, მე ასე ვიტყოდი. [...] მათ მიეცათ ავანსად სტატუსი და უთხრეს რომ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენ შემთხვევაში იყო პირიქით. ჩვენ გვითხრეს რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და შემდეგ მოგცემთ ამ ავანსს, თუ სტატუსს." - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციის ბოლოს პრემიერს მიმართა: 

"Ბატონო პრემიერმინისტრო, ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციოეკონომიკური სიტუაცია გააჩნია. მინდა გარწმუნოთ და ქართველები მინდა ვარწმუნო, რომ ქართული ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით, იქნება დაფასებული და ევროპული ინსტიტუტები და ყველა ის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც არის წარმოებული, ყველაში იქნება ეს აღნიშნული და ობიექტური გზით გაკეთებული." 


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი თბილისში გუშინ, 7 სექტემბერს ჩამოვიდა.

პრემიერმინისტრის გარდა, მას შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

კომენტარები