ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

WSJ: ისრაელმა ღაზაში ჰამასის გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დატბორვა დაიწყო

ისრაელელი ჯარისკაცი ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბის შესასვლელთან
RONEN ZVULUN/Reuters

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დატბორვა დაიწყო. აღნიშნული სტრატეგია ისრაელის გეგმის ნაწილია, რათა ღაზის სექტორში ჰამასის ტერორისტების გვირაბები სრულად განადგურდეს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, გვირაბებთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ჰამასის გვირაბების ქსელი ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედებებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ ეტაპზე ისრაელმა ღაზის სექტორში 800-მდე გვირაბი აღმოაჩინა, თუმცა, IDF-ის თქმით, გვირაბების ქსელი უფრო დიდია. ომის დაწყებიდან დღემდე, ისრაელი სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდა გვირაბების დანგრევას, მათ შორის ფეთქებადი ნივთიერებებითა და რობოტებით.

ისრაელის მიერ ჰამასის გვირაბების შესაძლო დატბორვის შესახებ ინფორმაცია 4 დეკემბერს The Wall Street Journal-მა გაავრცელა.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ამგვარი სტრატეგია, ერთი მხრივ, ჰამასის ტერორისტებს მიწისქვეშა თავშესაფრიდან გამოსვლას აიძულებს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ქმედებამ შესაძლოა ღაზაში წყლის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა წყლის ტუმბოები ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკის ჩრდილოეთით დაამონტაჟეს. მათი მეშვეობით ისრაელს ხმელთაშუა ზღვიდან საათში ათასობით კუბური მეტრი წყლის გადატანა და გვირაბებში ჩაშვება შეუძლია, რითაც ჰამასის გვირაბების ქსელი რამდენიმე კვირაში შეიძლება დაიტბოროს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგი დადგება გვირაბების დატბორვის გეგმის განხორციელების შემთხვევაში. ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ვიცეპრეზიდენტის ჯონ ალტერმანის თქმით, არ ვიცით, თუ რა რაოდენობის ზღვის წყალი გაჟონავს ნიადაგში და რა შედეგი მოჰყვება ამას. 

"რთულია გაიგო, თუ რას გავლენა ექნება ზღვის წყალს უკვე არსებულ წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურაზე. რთულია გაიგო, თუ რა გავლენა ექნება ამას მიწისქვეშა წყლის რეზერვებზე და ასევე რთულია, შეისწავლო, თუ როგორი ზემოქმედება ექნება ამას მიმდებარე შენობების სტაბილურობაზე." - თქვა ალტერმანმა.

მასალა განახლებადია

კომენტარები