აშშ-ირანი

აშშ-მ თავდასხმის პასუხად ერაყში მყოფ პროირანულ ჯგუფებზე იერიში მიიტანა

ერაყული შიიტური დაჯგუფება კათაიბ ჰეზბოლას წევრები ბაღდადში.
AFP

აშშ-მ ერაყში იერიში მიიტანა ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების 3 ობიექტზე მას შემდეგ, რაც პროირანული ჯგუფების თავდასხმის შედეგად 25 დეკემბერს ერთი ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

"აშშ-ს სამხედრო ძალებმა ერაყში მიიტანა აუცილებელი და პროპორციული იერიშები კათაიბ ჰეზბოლასა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ გამოყენებულ 3 ობიექტზე". - ნათქვამია აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებაში.

განცხადებაში აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო პასუხი ამერიკელ სამხედროებზე ერაყსა და სირიაში ირანის მხარდაჭერილ თავდასხმებზე, მათ შორის კათაიბ ჰეზბოლასა და მათი მოკავშირეების მიერ არბილის აეროპორტზე 25 დეკემბერს მიტანილ იერიშზე.

ოსტინის თქმით, აშშ არ დაიხევს უკან, რომ დაიცვას საკუთარი ძალები და ინტერესები.

"ამაზე დიდი პრიორიტეტი არ არსებობს. ჩვენ რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია არ გვსურს, თუმცა მზად ვართ მივიღოთ დამატებითი აუცილებელი ზომები ჩვენი ხალხისა და ობიექტების დასაცავად". - დაამატა ოსტინმა.

კომენტარები