სერგო ფარაჯანოვი

უკრაინაში "მამათმავლობისთვის" გასამართლებული სერგო ფარაჯანოვი რეაბილიტირდა

უკრაინაში "მამათმავლობისთვის" გასამართლებული რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი ოფიციალურად რეაბილიტირდა.

რეაბილიტაციის ეროვნული კომისიის მოხსენებაში წერია, რომ საქმის შესწავლისას გამოვლენილ იქნა ფარაჯანოვის დაპატიმრებისა და გასამართლების პოლიტიკური მოტივი.

უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის აზრით ფარაჯანოვის რეაბილიტაცია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გასამართლებული სხვა უკრაინელი დისიდენტების საქმეების ხელახლა შესწავლას ხელს შეუწყობს.

პირველად ფარაჯანოვი "მამათმავლობის" ბრალდებით უკრაინაში 1948 წელს დააკავეს, რეჟისორმა საკუთარი "ბრალი" არ უარყო. მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ უკრაინელი რეჟისორის ალექსანდრ დოვჟენკოს შუამდგომლობით მალევე გაათავისუფლეს.

1973 წლის ბოლოს ფარაჯანოვი კიევში მეორედ დააკავეს, გაასამართლეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეჟისორმა ვადა ურთულეს პირობებში, მკაცრი რეჟიმის ბანაკში მოიხადა და პატიმრობიდან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაბრუნდა.

2024 წლის 9 იანვარს სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.

კომენტარები