გიორგი გახარია

გახარია პატარა პარტიებს იდენტობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია პატარა პარტიებს იდენტობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. ამასთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერმა თავის ყოველკვირეულ YouTube-გადაცემაში პარტია ლელოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ისაუბრა.

"წარმოიდგინეთ, რომ პარტიები, რომლებიც უნდა ცდილობდნენ თავიანთი იდენტობა მაქსიმალურად გამოკვეთონ, ეს პარტიები ამჯობინებენ რაღაც კოლექტიურ ერთობებს გაუერთიანდნენ. მათ თუ ვერ დააღწიეს თავი ამ კომპლექსებს, მოუწევთ კოლექტიურ ნაცებთან თანამშრომლობა. მე ეს არ მინდა იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ამ არჩევნებზე კოლექტიურმა ოცნებამ და კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ერთობლივად ვერ გადალახონ 50 პროცენტი". - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, თუ პატარა პარტიების ქმედებებში ლოგიკა არ გამოჩნდა, მათ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან" "მიცუნცულება" მოუწევთ, შედეგად კი მათი ელექტორალური ბაზა გაიფლანგება.

"ხანდახან მეჩვენება, რომ მათი წარმატება მე უფრო მინდა, ვიდრე მათ, იმდენად არალოგიკურია ხოლმე მათი ქმედებები და რაღაც ემოციურ ფონს ქმნის. ამიტომ, მე ყველა პატარა პარტიას, რომელსაც აქვს თუნდაც თეორიული შესაძლებლობა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს, მოვუწოდებ, რომ, პირველ რიგში, თავიანთი იდენტობის, დამოუკიდებელი იდენტობის ჩამოყალიბებაზე იმუშაონ და გააგრძელონ როგორმე ამ იდენტობის ჩამოყალიბება და ახსნა მოქალაქეებისთვის და ამომრჩევლისთვის.

ვინც ვერ ჩამოაყალიბებს თავის თავს - მემარჯვენეა, მემარცხენეა, ბანკირების და ელიტების პარტიაა, სოციალისტების პარტიაა და მუშათა კლასის - ვინც ვერ ჩამოყალიბდება, საერთოდ რისთვის იბრძვის [...] მათ ყველას მოუწევთ მისვლა იქ, სადაც იდეოლოგიურად მეტ-ნაკლებად ახლოს არიან [...] თუ ისინი რისკს დაინახავენ - და ალბათ, ეს მოხდება - რომ 5 პროცენტს ვერ აგროვებენ, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ მივიდნენ და უნდა მივიდნენ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაკარგული ხმები იქნება დამატებითი სარგებელი ოცნებისთვის". - ამბობს გახარია.

კომენტარები