თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც რუსეთში დაჭერილ ტერორისტს ყურს აჭრიან და აჭმევენ

ტელეკომპანია Дождь-ის ცნობით, მედიაში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აჭრიან ყურს რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები მათ მიერ დაკავებულ ტერორისტს.

ტელეგრამ არხებზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე თავდამსხმელის დაკავების კადრები ჩანს. ვიდეოში ჩანს, თუ ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც მიწაზე წევს. მას თავზე სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელი ადგას. ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭვმიტანილის მოჭრილი ყური უჭირავს. სპეცსამსახურის თანამშრომელი კადრებში რამდენჯერმე ცდილობს, რომ სხეულის ნაწილი კაცს პირში ჩაუტენოს. 

ამას გარდა, გავრცელდა ვიდეობიც, რომლებშიც დაკავებულ პირებს კითხავენ. ერთ-ერთ ჩანაწერში პირს, რომელსაც სახე დასისხლიანებული, ყური კი ახვეული აქვს, ეუბნებიან: "ერთი ყური კიდევ დაგრჩა". 

22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 133-ია.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები