ოჯახური ძალადობა

მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – საგამოძიებომ პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

"ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა" - ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა" - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები