საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-მარტში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 1 326 მლნ დოლარია (-9.3%), ხოლო იმპორტი - 3 373.3 მლნ დოლარი (-5.3%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6%-ია.

2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3% იყო. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია - ყირგიზეთი (235.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (160.8 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (147.0 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.3 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულშია: თურქეთი (624.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (458.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (298.9 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1% იყო. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (721.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (619.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (330.6 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 443.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტია. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 83.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 6.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით (5.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც 2024 წლის იანვარ-მარტში მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 486.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 289.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 184.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი).

 

კომენტარები