რუსული კანონი

დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ ქალთა მარში გაიმართება, დაგეგმილია აქციაც

დღეს, 20 აპრილს 17:00 საათზე ქალთა მოძრაობა საქართველოს ქალაქებში რუსულ კანონს მსვლელობით გააპროტესტებს.

"ქალები გამოვდივართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი!

რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს!

ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების, ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, ქვიარი, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია შეუსრულებია!

ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა ქალების უფლებებს და ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით. რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას, ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები, და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!

რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვთ - ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. გენდერული კვოტის გაუქმებით პარლამენტმა უგულებელყო საქართველოს ამომრჩევლის 65%-ის აზრი, რომლებიც ემხრობოდნენ კვოტებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, მოუსმინონ ქალების ხმას, გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო და მოტივირებული შენიშვნები. არ გააუქმოთ გენდერული კვოტები!

20 აპრილს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში გავმართავთ მარშს და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!

არა რუსულ კანონს!

კი ევროპას!" - ნათქვამია მარშის აღწერაში.

ამასთან ერთად, 19:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია დაიგეგმა.

"მეგობრებო დღესაც ისევ ვიკრიბებით ყველანი!

პარლამენტთან 7 საათზე, მერე ისევ გვექნება ხმაურიანი ენერგიული მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა! ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველას და ყველგან!  გვსურს რომ ყოველ დღე უფრო ბევრნი და ერთიანი ვიყოთ ვიდრე 19 აპრილს ვიყავით, შემოგვიერთდით ყველა, ჩამოდით რეგიონებიდან, გაიზიარეთ ჩვენთან ერთად ის ბობოქარი და ბედნიერი მუხტი რაც გუშინ გვქონდა!  საქართველო ჩვენია და ყველა ჩვენგანმა უნდა ვიყოჩაღოთ მის დასაცავად! გელოდებით დღეს ყველას პარლამენტის წინ!" - წერია აქციის აღწერაში.

კომენტარები