აშშ-აზერბაიჯანი

Foreign Press: კონგრესში აზერბაიჯანელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

REUTERS/Tom Brenner/File Photo

აშშ-ს კონგრესში კანონმდებელთა ორპარტიული და ორპალატიანი ჯგუფი კონგრესმენი დინა ტიტუსის ხელმძღვანელობით, ამ კვირაში "აზერბაიჯანის სანქციების განხილვის პირველი აქტის" მიღებას გეგმავს. ინფორმაციას Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ კონგრესის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანონპროექტი 40-ზე მეტი აზერბაიჯანელი თანამდებობის პირის სანქცირებას ითვალისწინებს, რომლებმაც "აქტიური და მთავარი როლი ითამაშეს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში".

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციას 180 დღე ექნება, რათა დაადგინოს ექვემდებარება თუ არა კანონპროექტში შეტანილი აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების სია სანქციების დაწესებას აშშ-ს არსებული კანონმდებლობით, მათ შორის, მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტით.

ამავდროულად, აზერბაიჯანის სანქციების განხილვის პირველი აქტი ხაზს უსვამს ყარაბაღის ომსა და ალიევის მთავრობის "ბრუტალურ რეპრესიებს ადგილობრივი ოპოზიციის მიმართ".

"ოპოზიციის ლიდერების, აქტივისტების და ალიევის მთავრობის კრიტიკოსების დაკავება და შემდგომი წამება და არასათანადო მოპყრობა, როგორიცაა დოქტორ გუბად იბადოღლუს შემთხვევა, გამოჩენილი მეცნიერი, რომელიც ასწავლიდა აშშ-ში, აჩენს ფუნდამენტურ შეშფოთებას სათანადო პროცესისა და კანონის უზენაესობის შესახებ მის და სხვათა მიმართ, რომლებიც აზერბაიჯანში პოლიტიკურ წინააღმდეგობას გამოხატავენ". - წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის ავტორები იხსენებენ მიმდინარე წლის 6 მარტს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ბაქოში 6 ჟურნალისტი დააკავეს და კონტრაბანდის შემოტანის დაუსაბუთებელი ბრალდებები წაუყენეს.

გარდა ამისა, კანონპროექტში საუბარია სომეხ პატიმრებზე და აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მხრიდან "გახანგრძლივებული დაკავება, წამება, სასამართლოს გარეშე აღსრულება და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევები სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აზერბაიჯანის ერთგულებას ადამიანის უფლებებისადმი და სამართლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების უნარს, სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით".

კომენტარები