რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატმა უკრაინის, ისრაელის, ტაივანისა და მისი მიმდებარე რეგიონის სამხედრო დახმარების პაკეტს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა

დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 კი წინააღმდეგი იყო. სენატმა, ისევე, როგორც გასულ დღეებში წარმომადგენელთა პალატამ, განიხილა 4 კანონპროექტი: უკრაინის დახმარების, ისრაელის დახმარების, ტაივანისა და წყნაროკეანეთის რეგიონის დახმარების და აშშ-ს ეროვნული ინტერესების პრიორიტეტის.

მეოთხე კანონპროექტის მეშვეობით აშშ-ში შესაძლებელი ხდება სოციალური ქსელი TikTok-ის აკრძალვა და ამას გარდა რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და მათი მეშვეობით უკრაინის დახმარება.

აქამდე, 20 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიღებით უკრაინისთვის გამოიყოფა 61 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება, რაც კიევისთვის ახლა, როცა ბრძოლის ველზე ინიციატივა რუსეთის მხარეს გადავიდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

გასულ დღეებში, სანამ ქვედა პალატა დახმარებას მხარს დაუჭერდა, მრავალხნიანი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ წარმომადგენელთა პალატა ცალ-ცალკე, თუმცა ერთდროულად განიხილავდა 4 კანონპროექტს, რომლებიც ეხებოდა უკრაინის, ისრაელისა და ინდო-წყნაროკეანეთის დახმარებას, ასევე აშშ-ს უსაფრთხოების პრიორიტეტებს.

 

კომენტარები