მინდა, ერთი პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხება. მე, როგორც იურისტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, 2 შვილის მამა და თქვენი შვილების დამცველი, ამ კანონის ბოლომდე გატანასა და მიღებას ცალსახად ვეწინააღმდეგები. რადგან, თეთრი სახლი, ევროკავშირი და ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია დაკარგოთ, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსსა და ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდებაო.
ამიტომ, მე ამას ცალსახად ვემიჯნები და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს უმორჩილესად ვთხოვ, ეს კანონი უკან გაიწვიოს. თქვენ წინაშე ფიცს ვდებ, რომ თუ ეს არ მოხდება, პარტია ქართულ ოცნებას, ფრაქცია ქართულ ოცნებასა და თანამდებობას დავტოვებ. ხელისუფლებას გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციას ნუ დაარღვევთ და საქართველოს ნუ უღალატებთ. შანსი კიდევ არის.