რუსული კანონი

კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასიც აღარ აქვს – აქვს ჩალაძის ფასი

ეს ყველაფერი არის იმის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ გახსოვთ რა იყო პროცესი. მაშინ იცოდნენ კონრეტულმა ძალებმა, მათ შორის ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ისინი ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში, აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს 3 სხვადასხვა რეზოლუცია,სადაც საუბარი იყო დამნაშავეების გათავისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო მოსამზადებელი ფონი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. 

თუმცა, ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები, ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და საბოლოო ჯამში, ქვეყანამ მომდევნო წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟავუ, არის ამ ყველაფრის გამეორება. 

აქაც, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა, რომ ოქტომბერში დაიწერება კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ შეუქმნან ერთგვარი ნეგატიური ფონი. როგორც მაშინ ჰქონდა რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლა უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, აქვს ჩალაძის ფასი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე. 

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში რუსული კანონის მიღებას ეხება. დოკუმენტი შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილონ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და გადაიხედოს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.

კომენტარები