აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა არხს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ არხს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო - ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. 

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრძანებები - ჩემი ეთერიდან მოხსნის და გათავისუფლების შესახებ. (არ ვიცი შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც)

სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო რომელიც მოიგეს - 4 წელი. სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან" - წერს ბაკურიძე.

მისივე ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის ნაწილი, რაზეც დავას გააგრძელებენ. როგორც ჟურნალისტი წერს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 6 თვის ხელფასის სახით. 

2020 წლის 13 მარტს აჭარის ტელევიზიის წამყვანი, თეონა ბაკურიძე, რომელიც იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების გამო პროტესტში, სამსახურიდან ტელევიზიის მაშნდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა. 

დოკუმენტში, რომელიც ბაკურიძემ გაასაჯაროვა, წერია, რომ ბაკურიძე "მიზანმიმართულად აიგნორირებდა რედაქტორის მითითებებს, ქმნიდა დაძაბულობას და კონფლიქტურ სიტუაციას." 

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები იმ პერიოდში ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობდნენ.

მრჩეველთა საბჭოს დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

კომენტარები