რუსული კანონი

ივანიშვილმა ანტიდასავლური ჯიჰადი გამოაცხადა - მისი მთავარი გზავნილები

რუსული კანონი

ივანიშვილმა ანტიდასავლური ჯიჰადი გამოაცხადა - მისი მთავარი გზავნილები

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ხელისუფლებამ 29 აპრილს კანონის მხარდამჭერი "საერთო-სახალხო შეკრება" გამართა. ერთი კვირის განმავლობაში ორგანიზებული აქციის მონაწილეებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს. დაახლოებით ორსაათიანი აქციის ბოლოს სიტყვით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რომელმაც დამსწრეებს თავისუფლებამოყვარე ერის ღირსეული შვილები უწოდა, ხოლო რუსულ კანონს - ქართული. მისი მტკიცებით, "გამჭვირვალობაზე" კანონს ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად იღებენ, თავად კი - სწორ სვლებს სწორ დროს აკეთებს. 

სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა ანტიდასავლურ რიტორიკას, "გლობალური ომის პარტიის" კრიტიკას და ყოფილი ხელისუფლების "გარედან დანიშნული" წევრების დასჯაზე დაპირებებს დაუთმო. მანვე "პირობა დადო", რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება. 

"2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები - სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები - საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად NGO-ების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ.

არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, აწამა პატიმრები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20%. 

ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არაჰუმანური, სადისტური და არაპატრიოტული ბუნება იყო. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ.

ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ. როდესაც მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი NGO-ებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა" - განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას "გლობალური ომის პარტია" არაერთხელ ახსენა, რომელიც, მისი რწმენით, "ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს". ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება "თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება". ქართული ოცნების დამფუძნებლის შეფასებით, "ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან" და მისი ერთადერთი მიზანი საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევაა.

"2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა.

საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით NGO-ების ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა, სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული "ღამურების“ - ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე" - თქვა ივანიშვილმა.

სიტყვით მიმართვისას ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, რომ "დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა". მისი მტკიცებით, დღეს საქართველოს მართავს "ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი", რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ურეიტინგო ნაციონალებისა და NGO-ების ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია", თუმცა, საქართველოს სუვერენიტეტისთვის "გრძელვადიანი გარანტია" უნდა შეიქმნას. მისი თქმით, "სწორედ სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას იმაზეც ილაპარაკა, რატომ გაიწვია კანონი გასულ წელს და რატომ იღებს - ახლა.

"შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შექმნოდა. 

წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. ნაციონალებმა და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი "ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია" - განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, "ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და "ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც, არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა".  ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, 'ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ".

"როდესაც ისეთ მოთხოვნებს [მაგალითად, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება] აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ.

ამიტომ, ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია" - თქვა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერმა წინასაარჩევნოდ ყოფილი ხელისუფლების დასჯის დაპირებაც დადო და თქვა, რომ სწორედ 2024 წლის არჩევნების შემდეგ გამოუტანენ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენს, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12-წლიანი მაოხრებელი გზირობისთვის იმსახურებს".

"ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს "ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება. 

საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთწოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა.

ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც, გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით. 

საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. 

არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა" - თქვა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერს არც თავისი საზოგადოება 2030 დავიწყებია. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2014 წელს "ხედავდა", რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. 

"გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის.

ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. ქართველ გულშემატკივარს აუხდა 30-წლიანი ოცნება და საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მჯერა, რომ ეს უდიდესი წარმატება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ოცნებების ახდენის გზაზე" - თქვა ივანიშვილმა.

რუსული კანონის შემოქმედმა და რუსული რეჟიმის ლიდერმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს დამსწრეებს უთხრა, რომ "თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ".


ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით უკვე მიიღო. პლენარული სხდომა ხვალ, 30 აპრილს ჩატარდება, სადაც სავარაუდოდ, კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

კომენტარები