გერმანია

გერმანიის არმიის კაპიტანმა აღიარა, რომ რუსეთისთვის ჯაშუშობდა

Oliver Berg/dpa/picture alliance

გერმანიის არმიის კაპიტანმა აღიარა, რომ რუსეთის დაზვერვისთვის ჯაშუშობდა და მათ ინფორმაციას აწვდიდა. როგორც ცნობილია, 54 წლის ოფიცერს კავშირები აქვს გერმანულ ულტრამემარჯვენე პარტიასთან - ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD). 

ოფიცრის სასამართლო მოსმენა დიუსელდორფში 29 აპრილს გაიმართა. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ რუსეთის დაზვერვასთან უკრაინის ომში ბირთვული ესკალაციის შიშის გამო თანამშრომლობდა. მისი თქმით, მან სოციალურ ქსელ TikTok-ზე პრორუსი ინფლუენსერი აღმოაჩინა, რომლის ვიდეოებმაც ის შთააგონა რუსეთის საკონსულოში მისულიყო და თანამშრომლობა შეეთავაზებინა. ოფიცრის სიტყვებით, ის ღელავდა თავისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში. 

გერმანიის არმიის კაპიტანი პოლიციამ 2023 წლის 9 აგვისტოს დააკავა. ბრალდების მიხედვით, ოფიცერმა არაერთხელ თავად გამოთქვა სურვილი, რუსულ სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. ის უკავშირდებოდა ბონში რუსეთის საკონსულოს და ბერლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს და მათ სენსიტიურ ინფორმაციას აწვდიდა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიხედვით, მან რუსულ სამსახურებს ასევე მიაწოდა გერმანიის შეიარაღების და სამხედრო თვითმფრინავების ტექნოლოგიების დოკუმენტების ფოტოები. პროკურორების თქმით, არ არსებობს დამადასტურებელი საბუთი, რომ ჯაშუშობისთვის ოფიცერმა ფულადი ანაზღაურება მიიღო. 

კომენტარები