რუსული კანონი

მირტყამდნენ, როდესაც ძირს ვეგდე და თავის დაცვას ვცდილობდი  – ამერიკელი იურისტი

ამერიკელი იურისტი, რომელიც გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგე აქციაზე პოლიციელებმა სცემეს და დააკავეს Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის დაკავების პროცესს დეტალურად იხსენებს.

ტედ ჯონასის თქმით, ის რობოკოპებმა დარბევის დროს გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"წუხელ 12:30 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების წინა ხაზიდან რობოკოპებმა გამიტაცეს. ეს იყო იმის შემდეგ, რაც მათ წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და გაზის ბომბი გაუშვეს. როგორც კი პოლიციელებმა უკან დაიხიეს და ხელახლა დაჯგუფდნენ წინა ხაზზე, დამაკავეს. ტროტუარზე, დაახლოებით, 30 მეტრში გამათრიეს, რა დროსაც მცემდნენ და მირტყამდნენ. მათ ცემა და რტყმა გააგრძელეს მაშინაც, როცა ძირს ვეგდე და თავის დაცვას ვცდილობდი. ალბათ, 20-30 დარტყმა იყო – მქონდა სისხლდენა ცხვირიდან, ჩალურჯებები ცემისა და თავზე მუშტების რტყმისგან, მარჯვენა თვალზე და ოდნავ მარცხნივაც. სხვა ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები ზურგზე, იდაყვებზე, მუხლებზე" – წერს იურისტი.

ჯონასის თქმით, ის რამდენიმე საათის მანძილზე პოლიციის მინივენში იჯდა და მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა და შემდგომ გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ ის აშშ-ის მოქალაქეა. ჯონასმა აღნიშნა, რომ მას, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს. 

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ და 30 წელი დავუთმე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობას ამ ლამაზ და ისტორიულ ქვეყანაში. უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი, რომ არ დავეკავებინე, მაგრამ მთელი ღამე, როდესაც ვუყურებდი, როგორ წამლავდნენ ცრემლსადენი გაზით და თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, მეც, ჩემი ბრაზი მათი აგრესიისა და არაპროვოცირებული სიმხეცის მიმართ გაიზარდა" – წერს ჯონასი. 

კომენტარები