ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-მ ისრაელისთვის მძიმე იარაღის მიწოდება შეაჩერა

AFP

7 მაისის რამეს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ აშშ-მ ისრაელისთვის მძიმე იარაღის მიწოდება შეაჩერა. როგორც ცნობილია, აშშ-მ 1800 ერთეული 2000 ფუნტიანი და 1700 ერთეული 500 ფუნტიანი ბომბები ისრაელს არ მიაწოდა იმ მიზეზით, რომ ისრაელს შესაძლოა ისინი რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციისას გამოეყენებინა

"რადგან ისრაელის ლიდერები მივიდნენ ამ ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილებამდე, ჩვენ დავიწყებთ ზოგიერთი ტიპის იარაღის მიწოდების გადახედვას, რაც შესაძლოა რაფაში გამოიყენონ" - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. 

ეს პირველი შემთხვევაა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, როცა აშშ-მ ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა. ბოლო თვეების მანძილზე აშშ ისრაელს იარაღს პერმანენტულად აწვდის. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი რაფაში სახმელეთო ოპერაციის იდეას ეწინააღმდეგება. რაფას ოპერაციის შესახებ ბოლო თვეების მანძილზე ისრაელის და აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირებმა სხვადასხვა ფორმატით მრავალჯერ ისაუბრეს.

თეთრი სახლის უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჯერჯერობით ისრაელის ოპერაცია რაფაში მცირე მასშტაბის და ლოკალიზებულია, თუმცა აქვს პოტენციალი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს. 

Axios-ის ცნობით, აშშ-მ ისრაელისთვის ასევე ჭურვების გადაცემაც შეაფერხა. 

6 მაისს ისრაელმა რაფას ტერიტორიაზე რადიოს, სატელეფონო შეტყობინებების და ფლაერების საშუალებით გაავრცელა მოწოდებები, რომ რაფას გარკვეული ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულიყო, რადგან ისრაელი სახმელეთო ოპერაციას 7 მაისს დაიწყებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქალაქ რაფაში ჰამასის დანაყოფები იმყოფებიან და მათი განადგურების  გარეშე ომი ვერ დასრულდება. რაფაში ასევე იმყოფება ღაზის სექტორიდან მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი, რაც სამოქალაქო ზიანის რისკებს ზრდის. ჰამასის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისრაელის ამ ოპერაციამ ჩაშალა მოლაპარაკებების ეტაპზე მყოფი შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ. 

კომენტარები