რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ ჯარში ინდოელების მოტყუებით წაყვანისთვის ინდოეთში ოთხი პირი დააკავეს

უკრაინასთან ომში რუსეთის მხარეს მოკლული ერთ-ერთი ინდოელი ჯარისკაცი (ცენტრში)
Reuters

ინდოეთის პოლიციამ ადამიანით ვაჭრობის ქსელთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვის საფუძველი, დასაქმებისა და სასწავლებელი ადგილების პირობით, ახალგაზრდა კაცების რუსეთში შეტყუება და შემდგომ უკრაინაში საბრძოლველად რუსულ ჯარში მსახურობის ძალდატანება გახდა.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ინდოეთის ცენტრალურმა საგამოძიებო ბიურომ (CBI) განაცხადა, რომ ამ გზით რუსულ ჯარში დაახლოებით 35 ინდოელი კაცი წაიყვანეს.

ამავე ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დაკავებული პირიდან ორი რეკრუტერი იყო, ერთიც მთარგმნელი, ხოლო კიდევ ერთს თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა და ვიზასთან დაკავშირებული პროცესების ხელმძღვანელობა ევალებოდა.

CBI-ის თქმით, გამოძიება "სხვა ბრალდებული პირების წინააღმდეგაც გრძელდება, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობის ამავე საერთაშორისო ქსელის წევრები არიან".

უკრაინასთან ომში რუსულ მხარეს გარდაცვლილი ორი ინდოელი კაცის ოჯახმა გამოცემა Reuters-თან განაცხადა, რომ დაღუპული პირები რუსულ ჯარში "დამხმარედ" დასაქმების მოლოდინით წავიდნენ.

ინდოეთის გარდა, რუსულ ჯარში უცხოელების წაყვანის ცნობები სხვა ქვეყნებიდანაც ვრცელდება. CNN-თან სხვადასხვა წყარომ დაადასტურა, რომ წინა წელს რუსეთის მთავრობის მიერ უცხოელი მებრძოლების ჯარში აყვანის პროგრამის წარდგენიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინასთან ომში საბრძოლველად დაახლოებით 15 000 ნეპალელი დაიქირავა.

ჯარში რეკრუტირების პროგრამის ფარგლებში, რუსეთი უცხოელებს თვეში $2 000-იან ხელფასსა და რუსული პასპორტის მოპოვების გამარტივებულ პროცესს სთავაზობს. ნეპალის პასპორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სუსტად მიიჩნევა და გლობალური მობილობის კუთხით რეიტინგში ჩრდილოეთ კორეასაც ჩამოუვარდება. ამასთანავე, ნეპალი მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ქვეყნებს შორისაა.

ნეპალის მთავრობის თქმით, რუსეთის ჯარში ნეპალის 200 მოქალაქე იბრძვის და ბრძოლაში 13 ნეპალელია მოკლული. თუმცა, ნეპალელი კანონმდებლებისა და უფლებადამცველების თქმით, მთავრობის ოფიციალური რიცხვები ბევრად ჩამოუვარდება ნამდვილ მონაცემებს. 

კომენტარები