რუსული კანონი

მელაძე: გომელაურმა საფრთხეში ჩააგდო ტელევიზიაში მყოფთა სიცოცხლე

გუშინ გვიან ღამით, მას შემდეგ რაც ტვ პირველის ტერიტორიაზე დავაფიქსირეთ ჩასაფრება, საეჭვო ავტომობილების გადაადგილება, რომლებშიც ისხდნენ ნიღბიანი პირები, ჩვენ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ღამის პირველი საათიდან 4 საათამდე შუალედში ხუთი ზარი არის ჩვენგან შესული, თუმცა შსს-მ საპატრულო პოლიციაც კი არ გამოაგზავნა ტელევიზიაში. ეს იყო დემონსტრაცია იმისა, რომ მოგივარდებიან და ჩასაფრებას მოგიწყობენ, ადამიანის სიცოცხლე რომ იქნება საფრთხეში - ჩვენ რეაგირებას არ მოვახდენთ. მთელი პასუხისმგებლობა არის ვახტანგ გომელაურზე და მის მოადგილეზე იოსებ ჭელიძეზე. ჩვენ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში და მოვითხოვეთ თანამდებობრივი გულგრილობის საქმეზე რეაგირების მოხდენა და გამოძიების დაწყება.

გუშინ ტელევიზიაში მყოფ პირებს ჟურნალისტებს, ტელევიზიის თანამშრომლებს, გადაცემის სტუმრებს ემუქრებოდათ მყისიერი საფრთხე. მყისიერი საფრთხის განეიტრალება შეეძლო მხოლოდ საპატრულო ან კრიმინალურ პოლიციას. მათ ეს არ მოახდინეს, რის გამოც ვახტანგ გომელაურმა საფრთხეში ჩააგდო ტელევიზიაში მყოფი ჟურნალისტების, წამყვანების, თანამშრომლების, პოლიტიკოსების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ახლა ველოდებით რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისგან. პარალელურად, ჩვენ ვთხოვეთ მოკვლევის დაწყება სახალხო დამცველის აპარატსაც. ომბუდსმენის აპარატმა უკვე დაიწყო მოკვლევა, რომელმაც უნდა ამოიღოს აუდიოჩანაწერები 112-დან, რადგან 112 გვიდასტურებდა, რომ გადაცემული ჰქონდა პოლიციისთვის ის შეტყობინებები, რომელიც მყისიერი საფრთხის შესახებ ჩვენგან მათთან შედიოდა. რომელ უწყებას გადაეცა ეს, ვინ იყო იმ დროს პასუხისმგებელი და ვინ არ მოახდინა რეაგირება ეს უკვე სახალხო დამცველის აპარატმა უნდა დაადგინოს.

უთხრა ტვ პირველის საინფორმაციო განყოფილების დირექტორმა, ნოდარ მელაძემ ტაბულას. გასულ ღამეს ტელეკომპანია პირველის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელევიზიის თანამშრომლებმა შენიშნეს ორი მანქანა, რომელშიც, მათი თქმით, ნიღბიანი პირები ისხდნენ და ჩასაფრებას აწყობდნენ.

კომენტარები