დელტა

ფულის გათეთრება და იარაღით ვაჭრობა – აშშ-ში ქართული თავდაცვის შპს-ს დირექტორი დააკავეს

დელტა

ფულის გათეთრება და იარაღით ვაჭრობა – აშშ-ში ქართული თავდაცვის შპს-ს დირექტორი დააკავეს

2024 წლის 15 აპრილს ნიუ-იორკში ფულის გათეთრების განზრახვის ბრალდებით დააკავეს ქართული თავდაცვის საწარმო დელტა CAA-ის ერთ-ერთი დირექტორი, ისრაელისა და საქართველოს მოქალაქე იოჰანან ელიგულა. ფულის გათეთრების გარდა, სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, დაკავებული საბრძოლო მასალების გაყიდვასაც ცდილობდა. ელიგულას თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

დანაშაული

2024 წლის 17 აპრილს ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონის პროკურორმა და FBI-ის ლას-ვეგასის საველე ოფისის მთავარმა სპეციალურმა აგენტმა გამოაცხადეს, რომ დააკავეს იოჰანან ელიგულა და მისი ვაჟი, დავით ელიგულა. როგორც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, იოჰანანი საქართველოს მოქალაქეა.

განცხადებისა და სასამართლო მასალების მიხედვით, FBI-ის გადაცმული აგენტები ელიგულას ფულის გათეთრების თხოვნით დაუკავშირდნენ. ისინი თავს კარტელების წარმომადგენლებად ასაღებდნენ და ელიგულას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თანხა ნარკოტიკებით ვაჭრობით იყო ნაშოვნი. ბიზნესმენს ფული კრიპტოვალუტის დახმარებით უნდა გაეთეთრებინა და სანაცვლო ანაზღაურებაც მიეღო. ფულის გათეთრების გარდა, ელიგულა გადაცმულ აგენტებს საბრძოლო იარაღის, მათ შორის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტების მიყიდვას სთავაზობდა. ბიზნესმენი ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყო 2022 წლის ივნისიდან.

გასათეთრებელ ფულს, რომელიც ჯამში 500 000 დოლარს აღემატებოდა, იოჰანანის შვილი, დავითი იღებდა. ელიგულა კარტელის წარმომადგენლებს (სინამდვილეში FBI-ის გადაცმულ აგენტებს) ჰპირდებოდა, რომ დღეში 1 მილიონი დოლარის გათეთრება ისე შეეძლო, რომ "ბანკი არანაირ კითხვას დასვამდა". მანამ, სანამ ელიგულა ფულის გათეთრების პროცესს დაიწყებდა, მან პირებს, რომლებიც კარტელის წევრები ეგონა, ჰკითხა, იყო თუ არა ეს ფული ნარკოტიკების ვაჭრობის გზით ნაშოვნი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. გადაცმულმა აგენტებმა დაამატეს, რომ მათ "საქმე კოლუმბიელებთან ჰქონდათ".

ამას გარდა, ელიგულამ გადაცმულ აგენტებს იარაღის მიყიდვა შესთავაზა და დაიტრაბახა, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში თავდაცვის ინდუსტრიის ნაწილს აკონტროლებდა. სასამართლოს მასალებში ქვეყნის სახელი დამალულია, თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ საქართველოზე უნდა იყოს საუბარი.

"ელიგულამ UC-1-ს (რედ. FBI-ის აგენტის კოდური სახელი) უთხრა, რომ ის ფლობდა ქარხანას, რომელიც აწარმოებდა შაშხანებს, რომ აწარმოებდა 50-მმ კალიბრის შაშხანებსა და "კამიკაძე დრონებს" და ის "[ქვეყნის სახელი გამოტოვებულია] თავდაცვის ინდუსტრიის 35%-ს" აკონტროლებდა. ელიგულამ UC-1-ს M4 შაშხანების ფოტოები აჩვენა და უთხრა, რომ UC-1-ის კონტაქტებს სამხრეთ ამერიკაში M4-ებს კარგ ფასად მისცემდა." – წერია სასამართლოს მასალებში.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ელიგულამ გადაცმულ აგენტებს შემდეგში უთხრა, რომ შეიარაღების ფასი საბაზროზე 500%-ით ძვირი იქნებოდა, რადგან ეს "შავი ბაზარი" იყო. პარალელურად, ხდებოდა ფულის გათეთრებაზე მოლაპარაკებების წარმოება. ელიგულა ამბობდა, რომ ის შავ ფულს აშშ-დან დიპლომატიური ბარგის სახით გაიტანდა.

"ელიგულამ თქვა, რომ ის საბრძოლო მასალის გაყიდვაში 150-200%-იან მოგებას ნახულობდა. ელიგულამ თქვა, რომ ზოგიერთ საბრძოლო მასალას სხვა კლიენტებზე 500%-მდე სიძვირით ჰყიდდა, რადგან "შავი ბაზარი" იყო." – წერია სასამართლოს დოკუმენტში.

აგენტებმა, რომლებიც თავს ნარკომოვაჭრეებად ასაღებდნენ, ბიზნესმენს უთხრეს, რომ მათ პრობლემებს ვერტმფრენები უქმნიდა და სტინგერის ტიპის ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები სთხოვეს. ელიგულამ მათ სთხოვა, გამოეგზავნათ სია, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებოდა რა შეიარაღების შეძენა სურდათ და შესთავაზა, რომ მას იარაღების საკუთარი თვალით სანახავად სხვა ქვეყნებში შეხვედროდნენ. გადაცმულმა აგენტებმა ბიზნესმენს სთხოვეს სხვადასხვა სახის შეიარაღება: შაშხანები, ყუმბარები, ჯავშანსაწინააღმდეგო ყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები (კერძოდ, ჯაველინები), კამიკაძე დრონები და სტინგერის რაკეტები. იოჰანან ელიგულამ მათ უპასუხა, რომ თითქმის ყველაფრის მიწოდება შეეძლო, თუმცა სტინგერის რაკეტების ნაცვლად FN-6-ისა და FN-16-ის ტიპის ხელით გადასატანი მიწა-ჰაერის რაკეტის ტიპის სისტემები შესთავაზა.

"მას შემდეგ, რაც ელიგულამ სხვა პირს დაურეკა, ელიგულამ გადაცმულ აგენტებს უთხრა, რომ, არსებითად და ნაწილობრივ, 8 რაკეტა ჰქონდა. ელიგულამ შემდეგ განაცხადა, რომ არსებითად და ნაწილობრივ, დროს ზუსტად ვერ ეტყოდა, რადგან "ბუღალტერიას" დრო დასჭირდებოდა. ასევე, ელიგულამ არსებითად და ნაწილობრივ, გადაცმული აგენტები, ან ვინმე, ვისაც ენდობოდნენ "საქონლის" სანახავად უცხო ქვეყანაში დაპატიჟა." – წერს FBI-ის სპეციალური აგენტი ლარისა მონტესი სასამართლოსთვის წარდგენილ საჩივარში. უცნობია, რომელ ქვეყანაში ეპატიჟებოდა ბიზნესმენი გადაცმულ აგენტებს.

ბოლო შეხვედრა, რომლის დროსაც შეიარაღების შესყიდვაზეც ლაპარაკობდნენ, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში შედგა. გადაცმული აგენტებისგან ბიზნესმენმა 690 000 დოლარი ნაღდი ფულის სახით მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ FBI-იმ ელიგულა დააკავა.

ელიგულა და ქართული თავდაცვის საწარმო

2021 წლიდან იოჰანან ელიგულა ქართული თავდაცვის სექტორის კომპანია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტას შვილობილი კომპანია დელტა CAA-ის ერთ-ერთი დირექტორია. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრის დოკუმენტებშია გამოქვეყნებული. კომპანიამ რეგისტრაცია 2021 წლის 17 მარტს დაიწყო და 21 აპრილს დაასრულა. ელიგულა საქართველოს თავდაცვის წარმოებაში საჯაროდ სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდა.

"ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეი“, რომელიც „დელტას“ ბაზაზე გაიხსნა, საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოების სრულ ციკლს უზრუნველყოფს. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის, ასევე დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკომპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით." – წერია დელტას ვებგვერდზე შვილობილი კომპანიების ჩამონათვალში დელტა CAA-სთან დაკავშირებით. GI-4-ის შაშხანები იგივე M4-ის ტიპის შაშხანებია, რომლის წარმოებაც ამ საწარმოს რეკლამირების ამომავალი წერტილი იყო.

კომპანიის 25 პროცენტს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა, 51%-ს შპს CAA Industries (ისრაელის კომპანია), ხოლო 24%-ს შპს Bluestone Invest Fund-ი (აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია) ფლობს. ელიგულას გარდა დელტა CAA-ის კიდევ ორი დირექტორი: ლევან ჩიკვაიძე (დელტა) და მოშე ოზი (CAA Industries) ჰყავს. იოჰანან ელიგულა სწორედ ბლუსთოუნ ინვესთ ფანდის დირექტორიაBluestone Invest Fund-ის კომპანია შპს ბლუსთონ გრუფი საქართველოშიცაა რეგისტრირებული. ეს შპს თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული არაა და მის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი იძებნება. რაც შეეხება ელიგულას, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მას ორმაგი: ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია.

იოჰანან ელიგულა

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში დაკავებულ პირს დელტასთან კავშირები უფრო ადრეც უნდა ჰქონოდა, რადგან 2010 წლის 19 თებერვალს დარეგისტრირდა კომპანია შპს დელტა რადიქალ დეფენსი, რომლის დამფუძნებელი დირექტორები იოჰანან ელიგულა და ლევან ჩიკვაიძე არიან. 2023 წლის 12 დეკემბრისთვის კომპანიის 100%-იან წილს კვლავ ელიგულა ფლობდა. თუმცა ამ კომპანიაზე ფაქტობრივად არაფერი იძებნება, გარდა იმისა, რომ 2024 წლის 15 ივნისს სპორტის სასახლეში გაიმართება Integra Fighting Championship-ი (IFC 18), რომლის სპონსორიც სწორედ დელტა რადიქალ დეფენსი იქნება. კომპანიის წარსულ საქმიანობაზე ინფორმაცია არ იძებნება.

2021 წლის 19 მაისს M4-ის ტიპის შაშხანების წარმოების შესახებ თავდაცვის სამინისტროსა და ებრაულ კომპანიას შორის შეთანხმება გაფორმდა. როგორც დელტა CAA-ის მეწილე კომპანიის დირექტორმა, შეთანხმებას ხელი იოჰანან ელიგულამაც მოაწერა.

"საქართველოს თავდაცვის ინდუსტრიას მსურს ვუსურვო წარმატებული განვითარება. ვიმედოვნებ, ყველაფერი იქნება საქართველოს მთავრობისთვის, ქართველი ხალხისთვისა და საქართველოსთვის." – თქვა ელიგულამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

 იოჰანან ელიგულა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მოშე ოზი ხელშეკრულებას აფორმებენ

საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდი ხაზს უსვამდა, რომ ამ "პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო." ამავეს იმეორებდა თავდაცვის სამინისტროს განცხადებებიც

მთავრობის Facebook-გვერდზე 2021 წლის 28 ოქტომბერსა და 13 დეკემბერს გამოქვეყნებულია ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დელტა CAA-ის საწარმოში ვიზიტის ფოტოები. ყოფილ პრემიერმინისტრთან ჩანს ელიგულაც.

"ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე. ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას“ და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს." – ამბობდა ღარიბაშვილი 2021 წლის 28 ოქტომბერს.

ელიგულას სხვა ბიზნესები და აქტიურობა საქართველოში

იოჰანან ელიგულა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის საკონსულტაციო საბჭოს წევრია. მას საქართველოში რამდენიმე სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კომპანია ეკუთვნის.

CompanyInfo-ს მონაცემებში იოჰანან ელიგულას მონაწილეობების ჩამონათვალში შედის: სს ბათუმის ავტოსადგური (წევრი), შპს დელისი (წევრი), შპს ქართული ლოჯისტიკური ცენტრები (დირექტორი), შპს ფერტუნა (დირექტორი), შპს ფორუმ თბილისი (დირექტორი), შპს ბლუსთონ გრუფ (დირექტორი), შპს ჯორჯია შიპიარდი (დირექტორი), შპს ფერტუნა მენჯმენტი (დირექტორი), შპს თურქმოლ ჯორჯია (დირექტორი), შპს დელტა რადიქალ დეფენსი (ხელმძღვანელი), შპს ჯორჯიან მარკეტ ჰოლდინგი (ყოფილი ხელმძღვანელი), შპს სუფსა ფრუტი (ყოფილი წარმომადგენელი). ასევე, მის ქართულ საიდენტიფიკაციო ნომერზე გაფორმებულია შპს ენჯინიერინგ გრუფ ოფ ჯორჯიასა და ზემოხსენებული შპს დელტა რადიქალ დეფენსის 100%. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ელიგულამ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა სულ მცირე 2010 წელს დაიწყო, რადგან მისი პირველი კომპანიები სწორედ ამ წელსაა დარეგისტრირებული.

ამას გარდა, საჯარო რეესტრზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იოჰანან ელიგულას ეკუთვნის შპს დელისი დეველოპმენტის 30%-იანი წილი, დანარჩენი 70% კი გიორგი ყავლაშვილს. 2023 წლის მარტში დელისის მეტროსთან, პროფკავშირების ცენტრის ადგილზე მრავალფუნქციური და მრავალსართულიანი კომპლექსის გეგმარებითი დავალება თბილისის საკრებულოსთან შეთანხმდა. პროექტის დამკვეთი სწორედ დელისი დეველოპმენტი იყო. ამ ტერიტორიის ნაწილი კი შპს დელისის მფლობელობაშია.

მრავალსართულიანი კომპლექსის გეგმა

იოჰანან ელიგულას კვალი ქართულ ინტერნეტსივრცეში სწორედ 2010 წლიდან იწყება, როცა ბათუმის ავტოსადგურზე, რომლის მეწილეც ებრაელი ბიზნესმენიც იყო, მოვაჭრეებმა დირექტორის კაბინეტის კედელი შეანგრიეს. ამ პერიოდში ელიგულა ავტოსადგურის დირექტორი ორჯერ იყო. თურქული მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ელიგულა ბათუმში ბიზნესსაქმიანობით იყო დაინტერესებული და კავშირი ჰქონდა თურქულ კომპანიებთან (ელიგულა თურქმოლ ჯორჯიას დირექტორი იყო). ებრაელი ბიზნესმენი ზოგიერთ მასალაში იაშას სახელით არის მოხსენიებული.

როგორც ონლაინმედია ნეტგაზეთი 2011 წლის ნოემბერში წერდა, ამ პერიოდში გარემოს დაცვის სამმართველო ეძებდა გარემოსთვის საშიშ 22 ტონა ვადაგასულ ქიმიკატებსა და ლაქ-საღებავებს, რომლებიც იოჰანან ელიგულას მფლობელობაში მყოფ შპს ჯორჯია შიპიარდის ხელში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კომპანიამ ბათუმის გემთსაშენი ქარხანა შეიძინა. მაშინ საკითხთან დაკავშირებით იოჰანან ელიგულას ელექტრონული ფოსტით გამოცემა ბათუმელებმა მიმართა, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღეს. სამაგიეროდ, ბათუმელებთან საუბარში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ყოფილმა უფროსმა და გემთშასენი ქარხნის ყოფილმა კონსულტანტმა დავით ფირცხალაიშვილმა თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, შიპიარდმა ვადაგასული ნივთიერებები დაბალ ფასად გაყიდა, რადგან უტილიზაცია ძვირი ჯდებოდა. 2022 წლისთვის შპს ჯორჯია შიპიარდის დირექტორად კვლავ ელიგულა რჩებოდა.

2011 წლის 5 დეკემბერს გამოცემა ამერიკის ხმა წერდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და ალექსანდრ დუგინთან კონტაქტში ბრალდებული, კომპანია ნიბა ინვესტის მესაკუთრე ბაკურ კიღურაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობდა ელიგულასთან დაპირისპირების შესახებ და ამბობდა, რომ მაშინდელმა მთავრობამ ებრაელ ბიზნესმენს შავი ფულის გათეთრება დააბრალა, საქართველოს ერთ-ერთ პატარა ბანკში 7 მილიონი დოლარი ჩამოართვეს და ორი დღით დააკავეს. კიღურაძე ირწმუნებოდა, რომ ფულის ჩამორთმევის სანაცვლოდ ელიგულას ნიბა დელისის სავაჭრო ცენტრში, რომელიც მეტრო დელისის მიდამოებში უნდა აშენებულიყო, 50%-იანი წილი შესთავაზეს.

ამის შემდეგ მის შესახებ ქართულად აღარაფერი იძებნება და მხოლოდ მაშინ ჩნდება ხელმეორედ, როცა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დელტა CAA შეიქმნა. ცალკეულ კონტექსტში ის მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ 2023 წლის 18 თებერვალს ახსენა და თქვა, რომ ელიგულა საქართველო-იტალიის მატჩზე მისი პირადი სტუმარი იყო და ებრაელ ბიზნესმენს "უძრავი ქონების ბაზრის გლობალური ინვესტორი" უწოდა.

ელიგულას შესახებ ინგლისურ ენაზე კიდევ უფრო ნაკლებ ინფორმაციას იპოვით. 2012 წელს სოციალური ქსელი Twitter-ი შეიქმნა, მაგრამ 2012-2023 წლებში ის ამ პლატფორმას იშვიათად იყენებდა. რამდენიმე ტვიტში ის ირაკლი ღარიბაშვილის ეხმაურება. როგორც ჩანს, ელიგულა რამდენიმე კომპანიას ჩეხეთშიც ფლობდა.

მართალია ამ სახელისა და გვარის ლათინური ანბანით ძებნის დროს ბევრს ვერაფერს იპოვით, თუმცა, საინტერესოა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინფორმაცია, რაც ელიგულაზე ინტერნეტსივრცეში იძებნება. 2005 წლის 25 თებერვალს ფრანგული მედია Le Monde სატელეფონო კომპანია Telecom City-ის გაკოტრებასთან დაკავშირებულ თაღლითობებზე წერდა. მედიის ინფორმაციით, ელიგულა "იაშა" იოჰანანს "გაკოტრებაში თანამონაწილეობაზე" ედავებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ საეჭვო იყო Telecom City-ში მის მიერ ინვესტირებული თანხების წარმომავლობა.

გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დელტას შვილობილი კომპანიის წილი მიენდოთ მსგავსი საეჭვო წარსულის მქონე ბიზნესმენისთვის, რომელიც აქამდე ძირითადად უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობით იყო დაინტერესებული და თავდაცვის სფეროსთან კავშირი არ ჰქონდა.

კომენტარები