რუსული კანონი

თუ სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, მათ მხარს დავუჭერთ - ილიაუნის ლექტორები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ლექტორ-პროფესორები მხარს დაუჭერენ და შეუერთდებიან მათ ამ პროცესში.

"ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს.

რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით - აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ - საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა. 

შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ!

არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ! 

მეგობრებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ რთულ ბრძოლაში!" - წერია განცხადებაში 

ამ ეტაპზე განცხადებას 180-ზე მეტი სრული, ასოცირებული და მოწვეული პროფესორ-ლექტორი აწერს ხელს.

 

 

კომენტარები