რუსული კანონი

ბორელი და ვარჰეი: კანონის მიღებას EU-სკენ საქართველოს სვლაზე უარყოფითი გავლენა აქვს

ოლივერ ვარჰეი და ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

განცხადებაში ევროკავშირის მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ გასულ კვირაში მომხდარი დაშინებებისა და ძალადობის შემთხვევები. როგორც ბორელი და ვარჰეი აღნიშნავენ, კანონის მიღებას ნეგატიური გავლენა აქვს ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლაზე, წინსვლის გაგრძელების არჩევანი კი საქართველოს ხელშია.

"ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მათი არჩევნის გვერდზე. დაშინება, მუქარა და ფიზიკური გასწორება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე, მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გამოიძიონ ეს დადასტურებული შემთხვევები.

ევროპულმა კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა კომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული 9 საჭირო ნაბიჯის გათვალისწინებით. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად მუშაობას. ისინი ასევე ეხება დეპოლარიზაციის საჭიროებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

დიდი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ცხადი მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მმართველმა უმრავლესობამ მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მესამე მოსმენით. ევროკავშირმა ცხადად და რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირეულ ნორმებსა და ღირებულებებს. ის ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როცა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც საქართველოს მისწრაფებების ცენტრში დგას ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამ კანონის მიღებას ნეგატიური გავლენა აქვს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. წინსვლის გადაწყვეტილება საქართველოს ხელშია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონი და შეასრულონ ევროკავშირისკენ სვლის დადებული პირობა და დაწინაურდნენ რეფორმებში, რომლებიც დეტალურადაა მოცემული 9 ნაბიჯში.

ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველთა დახმარება ევროკავშირისკენ მიმავალი მომავლისთვის მუშაობაში." – წერია განცხადებაში.

გასულ დღეებში ბრიუსელში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი წერდა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის პრორუსული პოლიტიკით ცნობილი პრემიერმინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო ბლოკავდნენ ევროკავშირის წევრების ერთობლივ განცხადებას ქართული ოცნების წინააღმდეგ.

კომენტარები