4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი გამოკითხეს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროკურატუამ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე გამოკითხა. 

როგორც მის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილს შეკითხვები დაუსვეს მის "კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან". 

სააკაშვილის განცხადებით, პროკურატურას შეკითხვები ჰქონდა მის პოსტებთან დაკავშირებითაც.

"დღეს ჩატარდა ჩემი "დაკითხვა" 4 ოქტომბრის მოვლენებზე, ვითომ მოსამართლესთან ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის "პროკურატურის" ინიციატივით.

4 ოქტომბერს რუსთაველზე შეიკრიბა ასობით ათასი ადამიანი და სწორედ სახალხო კრებამ დიდწილად განაპირობა ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი.

ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია დაკავებული და ახლა უკვე მე მომადგნენ.

უკვე მეხუთე წელია პატიმრობაში ვარ გამოგონილი ბრალდებებით, მე განვუცხადე რუსული პროვინციული ტირანიის წარმომადგენლებს, რომ ისინი წარმოადგნენ საქართველოს მტრებს.

ისინი მეკითხებოდნენ ჩემს კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან თუმცა უკვე მეხუთე წელი ვიმყოფები პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში.

სატელეფონო კავშირის აკრძალვის პირობებში მუდმივი აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობის და ჩაწერის ქვეშ.

ასევე მეკითხებოდნენ ჩემს პოსტებზე, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენდნენ რაიმე ძალადობისკენ მოწოდებას, ვინაიდან მე ისტორიაში ვარ შესული, როგორც მთელს მსოფლიოში განთქმული მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი და ასევე სათავეში ვედექი დემოკრატიულ მოძრაობას მთელი უკრაინის მასშტაბით.

ჩემი ტყვეობა და ნებისმიერი ახალი ბრალდებები არის სწორედ რუსეთის და მათი აქაური დამქაშების შურისძიება წარმატებულ ქართულ რეფორმებზე, ისევე როგორც ჩემი ბრძოლისთვის, საქართველოს და უკრაინის რუსული კლანჭებიდან გადარჩენისთვის.

ჩემი იმიტომ კი არ ეშინიათ რომ სახალხო კრებაში ვიყავი ჩართული, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად უფრო მეტი იქნებოდა მიღწეული სრულიად მშვიდობიანად.

ეშინიათ იმიტომ რომ ისტორიამ მაქცია საქართველოს დამოუკიდებლობის და წარმატების სიმბოლოდ მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ მომწამლეს ციხეში და ამიტომ მისჯიან ახალ-ახალ სასჯელებს.

და კიდევ იცით რა იყო ჩემთვის დასმული მთავარი კითხვა, რომლის გარშემო ტრიალებდა დაკითხვა, ოღონდ არ გეგონოთ რომ ვღადაობ, რას გულისხმობდიო შარშანდელ პოსტში, რომ ხალხმა უნდა გადაიღოს სელფი ივანიშვილის ზვიგენის ფონზეო. დარწმუნებული ვარ ეს კითხვა პირდაპირ ივანიშვილის დაწერილი იყო.

ხვდებით სად ვართ?! ნახეთ როგორ უყვარს ეს ზვიგენი, რომ მთელი ე.წ. პროკურატურა ჩემგან ზვიგენის დამცველად გადააქცია და თუ

დღევანდლის შემდეგ ვინმე საქართველოში ან საქართველოს გარეთ იტყვის, რომ მე არ ვარ პოლიტიკური პატიმარი, ის მართლა იმსახურებს ივანიშვილის ზვიგენების ახლო გაცნობას.

ე.ი. ახლა ჩემს წინააღმდეგ აღიძვრება ახალი საქმე "ივანიშვილის ზვიგენის შევიწროებაზე". იყო პიჯაკების საქმე, ახლა იწყება ზვიგენების საქმე.

საქმეს ერქმევა ალბათ ასე "ივანიშვილის ზვიგენი და პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ"

ვფიქრობ წერილობითი ბოდიში ხომ არ გავუგზავნო ზვიგენს". - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში. 


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ცოტა ხანში ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო დღეებში აიყვანეს აქციის მონაწილეებიც. ივანიშვილის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი "მნიშვნელოვნად გაიზრდება".

კომენტარები