ტერორიზმი

პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩატაევი გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანეს

0 კომენტარი
ფოტო: www.frontpagemag.com

საქართველოს სასამართლოს მიერ 2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მა გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ  ჩატაევი ამ დროისთვის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს. ჩატაევი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია. 

ოფიციალური ინფორმაციით, ჩატაევი დაკავების დროს რამდენიმე ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. მის დაკავებას აქციები მოჰყვა თბილისსა და პანკისის ხეობაში. ჩატაევის უკანონო პატიმრად აღიარებას მოითხოვდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და უფლებადამცველი, მათ შორის, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც იმ დროს ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა. დღეს ნანუაშვილს ამ თემაზე კომენტარები არ გაუკეთებია.

"ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. ჩვენ გვქონდა ერთადერთი ინფორმაცია, რომ ის იყო ავსტრიის მოქალაქე და ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა. ადვოკატის მოვალეობაში არ შედიოდა, რომ ერკვია, თუ რას აკეთებდა ის საქართველოში", - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორის, მამუკა არეშიძის შეფასებით, ქვეყნის გარედან მოხდა ჩატაევის საქმეში ჩარევა, რის გამოც ის გაათავისუფლეს.

"არ იყო სწორი მისი უდანაშაულო ანგელოზად შერაცხვა, თუმცა მას სამწუხაროდ დანაშაული ვერ უმტკიცდებოდა, ვიღაცებმა არ მოინდომეს პირის გაღება ძალოვან სტრუქტურებში. ვთვლი, რომ ქვეყნის გარედან იყო ჩარევა, რატომაც ჩატაევი გათავისუფლდა", - განაცხადა არეშიძემ.

პროკურატურას განმარტება არ გაუკეთებია, თუ რატომ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევი.

ახმედ ჩატაევი ჩეჩენ მებრძოლებში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა და ცნობილი საველე მეთაურის დოკუ უმაროვის უახლოეს გარემოცვის წევრადაც ითვლება. ჩატაევს ახლო ურთიერთობა აქვს ომარ ალშიშანთან, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მაღალჩინოსანია და რომელიც ვაშინგტონის ტერორისტთა სიაში უკვე ერთი წელია ირიცხება.

გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის ახმედ ჩატაევი ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთ დაჯგუფებას იარმუკს ხელმძღვანელობს. სწორედ ამ შენაერთში იბრძვიან ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები, მათ შორის – პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიც.

შეგახსენებთ, რომ ახმედ ჩატაევი საპატიმროდან 2012 წელს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოდ 2012 წლის დეკემბერში ცნო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები