ლიტვინენკოს მკვლელობა

ლიტვინენკოს საქმე — ბრიტანეთი მკვლელობაზე თვალს ხუჭავს

ავაზაკ სახელმწიფოსთან გამკლავება განსაკუთრებით იოლია, როდესაც ის შორს არის ან სუსტია. მკვლელობისკენ მიდრეკილი ბირთვული სუპერსახელმწიფო შენს ზღურბლზე კი, სულ სხვა ამბავია.

ეს ის დილემაა, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დადგა.

გადამდგარი მოსამართლე სერ რობერტ ოუენი, აწონილ-დაწონილ სამართლებრივ ენაზე განსაცვიფრებელ ამბავს გვიყვება. რუსეთიდან დევნილმა ბატონმა ლიტვინენკომ თავშესაფარი ამ ქვეყანაში მოიპოვა. ის საბჭოთა KGB-სა და მისი მემკვიდრის, რუსეთის FSB-ში მუშაობდა.

მას ჰქონდა ღრმა და უშუალო ცოდნა რუსეთის სახელმწიფოსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის არსებულ ბნელით მოცულ კავშირზე. ამ ცოდნას MI6-ის ხელმძღვანელებმა მალევე სტაცეს ხელი.

ლიტვინენკო მათ კონსულტაციას უწევდა რუსეთის მიერ ესპანეთში დაფინანსებული განგსტერების საქმიანობის გამოძიებისას, რომელიც მოსკოვში ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლების ფინანსურ ინტერესებს ეხებოდა.

ეს შესაძლოა მისი მკვლელობის მოტივი ყოფილიყო, მაგრამ სერ რობერტი ხაზს სხვა შესაძლებლობებსაც უსვამს - მაგალითად, პირად ანტაგონიზმს პუტინსა და ლიტვინენკოს შორის.

დევნილი, რომელმაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო, ადანაშაულებდა პუტინს, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას მასობრივი მკვლელობების მოწყობაში: 1999 წელს საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების ორგანიზებაში, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

საეჭვო მტკიცებულებების მიუხედავად აფეთქებები ტერორისტებს დაბრალდათ. ბატონი ლიტვინენკო, რუსეთის საკითხებში ბევრი სხვა აღიარებული ექსპერტის მსგავსად, მიიჩნევდა, რომ ნამდვილი მიზეზი შიშის ატმოსფეროს შექმნა იყო, რაც რუსებს ძლიერი ლიდერის მოთხოვნილებას გაუჩენდა. ამან იმუშავა.

თითქმის ერთ ღამეში ბატონი პუტინი პოლიტიკური ნულიდან რუსეთის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად იქცა.

კიდევ უფრო სენსაციური იყო ბატონი ლიტვინენკოს მიერ პუტინის პედოფილიაში დადანაშაულება.

ბრიტანულმა გამოძიებამ ფრთხილად და დამაჯერებელად გაიკვალა გზა, როგორც თავად მშრალად უწოდებს, ლიტვინენკოს „მოვლენებით დატვირთულ“ ცხოვრებაში, რომელიც მოიცავდა ახლო თანამშრომლობას რუს ემიგრანტ ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან და სხვა საეჭვო ფიგურებთან.

გამოძიება აქარწყლებს მისი სიკვდილის გარშემო არსებულ შეთქმულების თეორიებს, მაგალითად, იმას, რომ ლიტვინენკომ თავი მოიწამლა, ან იმას, რომ ბრიტანულმა დაზვერვამ მოიშორა, ან რომ კრიმინალ ამფსონებს ემსხვერპლა.

ის სხვა მითებსაც უმკლავდება: პოლონიუმის იზოტოპი, რომელმაც ბატონი ლიტვინენკო მოკლა, არ იყო ფანტასტიკურად ძვირი (მავანი ამბობდა, რომ გამოყენებული ოდენობის ღირებულება რამდენიმე მილიონი ფუნტი იყო). არც მის რადიოაქტიურ კვალს მივყავართ რუსეთში გასაიდუმლოებულ ბირთვულ სადგურთან.

ჩემი აზრით, ეს ამ ანგარიშს კიდევ უფრო მეტ სანდოობას სძენს. ის რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას კი არ ამტკიცებს, არამედ მხოლოდ იმათ, სადაც მტკიცებულებები უტყუარია.

ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება არა მკვლელობას, არამედ მასზე პასუხისმგებლობას.

ის ამბობს, რომ ორი მკვლელი, დმიტრი კოვტუნი და ანდრეი ლუგავოი, რომლებმაც პოტენციურად სასიკვდილო რადიოაქტიური ნივთიერების კვალი ლონდონის ცენტრში დატოვეს, აშკარად FSB-სთვის მუშაობდნენ.  

აქედან გამომდინარე, სერ რობერტის თქმით, სავარაუდო და „შესაძლებელია“, რომ ისინი FSB-ს მაშინდელი დირექტორის, ნიკოლაი პატრუშევის და თავად ბატონი პუტინის მითითებით მოქმედებდნენ.

რუსეთი არის ძალიან ბიუროკრატიული და ცენტრალიზებული ქვეყანა. დაუჯერებელია, რომ უმაღლეს დონეზე არ ყოფილიყო გადაწყვეტილი ისეთი სარისკო და მნიშვნელოვანი რამ, როგორიც ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობა იყო, თანაც ისეთის, რომელიც MI6-ზე მუშაობდა.

მაგრამ ეს არ არის სერ რობერტის დასკვნის ერთადერთი საფუძველი. მას ასევე ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტებსა და მოწმეებზე - MI6-ის, MI5-ისა და GCHQ-ის რადიოელექტრონული დაზვერვის თანამშრომლებზე.

ჩვენ არ ვიცით დეტალები, რა გაიგო მან, მაგრამ ნათელი გახდა, რომ საიდუმლო მტკიცებულებები რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წრეებს მკვლელობაში ამხელს.

დაზვერვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გადამწყვეტი მტკიცებულება რუსეთის მთავრობის კომუნიკაციაა, რომელიც ამერიკის ეროვნულმა უშიშროების სააგენტომ მოიპოვა და თავის ახლო მოკავშირეს GCHQ-ს გადასცა.

ნათელია, ამერიკელებს არ სურთ დეტალების გასაჯაროება. თუკი მართლა გვინდა, მომავალშიც ჩავიხედოთ ხოლმე კრემლის საიდუმლოებებში და გავტეხოთ მათი კოდები, უმჯობესია, არ გავაგებინოთ, თუ როგორ ვაკეთებთ ამას.

KGB-ს ყოფილი აგენტის, ბატონი ლიტვინენკოს მოწამვლას გეგმის მიხედვით რომ ჩაევლო, დიდ ყურადღებას არ მიიპყრობდა. პოლონიუმი იშვიათი საწამლავია და, როგორც წესი, მისი ორგანიზმში აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია: ის კლავს ალფა რადიაციით, რომელიც მხოლოდ მაღალტექნოლოგიური აპარატურის მეშვეობით იზომება.

ლონდონში, რუსი ემიგრანტი დისიდენტების მცირე თემისათვის გზავნილი ნათელი იქნებოდა: შეგიძლია დატოვო სამშობლო, მაგრამ თუკი კრემლის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობას წამოიწყებ - მოგკლავენ.

შეშფოთდებოდა ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახური MI6-ც: ბატონი ლიტვინენკო ყოველთვიურად მოკრძალებულ სტიპენდიას იღებდა მაღალ ეშელონებში კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულთან თანამშრომლობის შესახებ თავისი გამოცდილების გაზიარების სანაცვლოდ. საჯაშუშო სამსახური, კოდური სახელით „ოპერაცია ვესპა“, ვოქსჰოლის გზაჯვარედინზე თავისი სათავო ოფისიდან, ესპანეთის დაზვერვასთან ერთად, იძიებდა ესპანეთში რუსული მაფიის საქმიანობაში კრემლის ჩართულობას.

მიუხედავად ამისა, საიდუმლო წყაროს ბურუსით მოცული სიკვდილი არ იქცეოდა საჯარო სკანდალად. ის არ გამოიწვევდა რუსულ უშიშროების სამსახურთან, FSB-სთან კავშირების გაყინვას. არც საჯარო გამოძიებამდე მიგვიყვანდა, რომლის ანგარიშმა არაორაზროვნად დაადანაშაულა რუსეთის სახელმწიფო ლონდონის შუაგულში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში, თანაც ისეთი სახით, რომელმაც ადამიანთა აღურაცხავ რაოდენობას რადიოაქტიური მოწამვლის საფრთხე შეუქმნა.

მხოლოდ ბოლო მომენტში გაჩენილმა იდეამ, ლიტვინენკოს შარდი ალფა რადიაციაზე შეემოწმებინათ, ხელისუფლებისათვის ნათელი გახადა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

2006 წლის ბოლოს გაცემული თავდაპირველი პასუხი მკაცრი იყო. რუსული დაზვერვის ოფიცრები ლონდონიდან გამოაძევეს. FSB-სთან კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგალითად, სოჭის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ეცადა ძველებური თანამშრომლობა აღედგინა. ტონი ბლერის ეპოქის თაფლობის თვე მართალია დასრულდა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან არაპოპულარული იყო კრემლის შეკავებაზე, მით უმეტეს, მასთან დაპირისპირებაზე საუბარი.

სწორედ ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ დავიწყე ჩემი წიგნის, „ახალი ცივი ომის“ წერა. 2008 წელს, როდესაც ის გამოქვეყნდა, რუსეთის მიმართ ქორულად განწყობილი დამკვირვებლების აპლოდისმენტები დაიმსახურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ ლონდონში, ვაშინგტონში, ბერლინსა და სხვა დედაქალაქებში არსებობდა კონსენსუსი, რომ ჩემი წიგნი ალარმისტული ნონსენსი იყო.

როგორც უმეტესობას სწამდა, რუსეთი კაპიტალისტური ქვეყანა იყო, თავისი ცალკეული ნაკლოვანებებით. მას ჰქონდა პლურალისტური პოლიტიკური სისტემა, არჩევნებით, სასამართლოებითა და ინსტიტუციებით. პუტინი ნაკლებად სასიამოვნო კაცი იყო, მაგრამ მან თავის ქვეყანას სტაბილურობა მოუტანა და ნაციონალური სიამაყე აღადგინა. ჩვენ შეგვეძლო მასთან როგორც კომერციულ, ასევე დიპლომატიურ სფეროში გვეთანამშრომლა.

ამ მოსაზრებებმა მნიშვნელოვნად გადაწონა ბატონ ლიტვინენკოს მკვლელობასთან დაკავშირებული ბრაზი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტოებში არ არსებობდა ეჭვი ამ საქმეში რუსეთის სახელმწიფოს უშუალო ჩართულობასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსებისთვის ხელსაყრელი იყო თავი სხვაგვარად მოეჩვენებინათ. უფრო მეტიც, სითიში, ბიზნესსა თუ სადმე სხვაგან, კრემლზე შეყვარებულთა გუნდს ჰქონდა საკუთარი მიზეზები მკვლელობის უგულებელსაყოფად.

ისინი ცდილობდნენ მკვლელობის საქმის გარშემო არსებული ეგზოტიკური, გზის ამბნევი შეთქმულების თეორიების წინ წამოწევას. ითქვა, რომ ბატონი ლიტვინენკო გმირი არ იყო და საეჭვო ფიგურებთან იჭერდა საქმეს. ფინანსურად ის მართლაც დამოკიდებული იყო ბორის ბერეზოვსკიზე, აწ გარდაცვილ რუს ემიგრანტ მაგნატზე. ის იყო მარგინალური და დისკომფორტის შემქმნელი ფიგურა. თუკი ვინმემ გასრისა, სამწუხაროა.

ეს ყველაფერი მარინა ლიტვინენკომ, და მისმა ვაჟმა ანატოლიმ ისე გამოიარეს, რომ გასაოცარი კეთილშობილება და სიმტკიცე შეინარჩუნეს. ბევრი შეცდომის მიუხედავად, ის ნამდვილად არ შემცდარა მეუღლის არჩევაში. Matrix Chambers-ის ანაზღაურების გარეშე მომუშავე არაჩვეულებრივი ადვოკატის, ბენ ემერსონის დახმარებით, ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ლიტვინენკოს ქვრივმა შეძლო მიეღწია სრული გამოძიებისათვის.

რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს სერ რობერტ ოუენის ანგარიშს, ის, როგორც მინიმუმ, ტრიუმფალური შედეგია შეუპოვარი მისის ლიტვინენკოსა და მისი ერთგული მოკავშირეებისათვის. 2014 წელს, მხოლოდ მას მერე, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მთავრობამ საბოლოოდ დათმო და ქალბატონ ლიტვინენკოსა და სხვა მოწმეებს სამართლის აღსრულების შესაძლებლობა მისცა.

ახლა ის ითხოვს, რომ გამოძიების ანგარიშს დიდი ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების დაწესება მოჰყვეს. მაგრამ, სავარაუდოდ, მას იმედი გაუცრუვდება. რუსეთმა მოკლა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ლონდონის ქუჩებში. ის თავხედობს, ბოროტად ხარობს და გვატყუებს. ჩვენ კი, ამის საპასუხოდ, ბევრი არაფრის გაკეთებას ვაპირებთ.

სამართლიანობა მოითხოვს იმის აღიარებას, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთისადმი უკანასკნელ წლებში არსებითად შეიცვალა. ჩვენ მყარად ვუჭერდით მხარს ნატოს გამკაცრებულ პოზიციას მისი მოწყვლადი, ფრონტისპირა წევრი ქვეყნების დასაცავად აღმოსავლეთ ევროპაში. დიდი ბრიტანეთი პოლონეთში 1000 სამხედროს აგზავნის (მათ შორის, იმიტომაც, რომ ბატონ კამერონს ევროკავშირთან თავის მოლაპარაკებებში პოლონეთის მხარდაჭერა სჭირდება). დიდმა ბრიტანეთმა, მარტომაც და მოკავშირეებთან ერთადაც, ძალისხმევა გაზარდა რუსი ჯაშუშების დასაჭერად. მან დაგვიანებული, მაგრამ მაინც მისასალმებელი, ბრძოლა დაიწყო დასავლეთში რუსული პროპაგანდისტული იერიშის წინააღმდეგ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ თემთა პალატაში, 21 იანვარს, მკაცრი განცხადება გააკეთა და გამოძიების მიერ მკვლელობის აღმსრულებლებად მიჩნეული დმიტრი კოვტუნის და ანდრეი ლუგავოის აქტივების გაყინვის შესახებ ამცნო საზოგადოებას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ორი ადამიანი რაიმე სახის ქონებას ფლობს ბრიტანულ ფინანსურ სისტემაში. შესაძლოა ისინი არამზადები არიან, მაგრამ არა სულელები.

ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა გამოძიება რუსული ბინძური ფულის ნაკადებისა, რომელმაც სითის ქუჩები წალეკა. რუსეთთან ურთიერთობისას ბრიტანული ბანკები, იურიდიული ფირმები, ბუღალტრები და სხვები, დაუფარავი ურცხვი სიხარბით მოქმედებდნენ.

ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია - BP, ერთ ლოგინშია როსნეფტთან, ნავთობის კომპანიასთან, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს არცთუ ისე კარგად შენიღბული ხელია. მისი სიმდიდრე ქურდობას ეფუძნება: ჩაწყობილი აუქციონის მეშვეობით მან ხელში ჩაიგდო იუკოსის, ერთ დროს რუსეთის მთავარი ნავთობკომპანიის ყველაზე ფასეული აქტივები.

იუკოსის ბედი მაშინ გადაწყდა, როდესაც მისმა დამფუძნებელმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ, საჯაროდ დაადანაშაულა პუტინი კორუფციაში. საჩვენებელი სასამართლო პროცესის შედეგად ნავთობმაგნატი ციხეში მოხვდა, ხოლო კომპანია გაკოტრდა. როსნეფტმა კი მისი ნაწილები გროშებად ჩაიგდო ხელში.

მიუხედავად ამისა, ამაში სითიმ ცუდი ვერაფერი დაინახა და 2006 წელს, ლიტვინენკოს მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, როსნეფტის ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე სავაჭროდ დაუშვა. ეს იგივეა, რაც უცხოელებისთვის ლონდონის ქუჩებში მოპარული საქონლის გაყიდვის უფლების მიცემა. პოლიციის გამოძახების მაგიერ, ჩვენი ფინანსისტები წილის მისაღებად რიგში ჩადგნენ.

ასეთი ქცევა არა მხოლოდ ჩვენი სისტემის კორუმპირებას ახდენს, არამედ სავალალო სიგნალს უგზავნის რუსეთსაც. რუსეთის ხელისუფლებას ის არწმუნებს, რომ ჩვენი სისტემა არსებითად არ განსხვავდება მათისგან. ფული მართავს, ხოლო ძალა - უფლებაა. ჩვენ უბრალოდ ამას უკეთესად ვნიღბავთ დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე საუბრით.

სერ რობერტ ოუენი, თავისი უზარმაზარი ინტელექტითა და სასამართლო დაკითხვით, ბრიტანული სისტემის ნამდვილ სიძლიერეს განასახიერებს. მან დაწერა უნაკლო ანგარიში: ნათელი, მოზომილი და დამაჯერებელი. მისი გამანადგურებელი, უცილობელი დასკვნა სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ მკვლელობაზე ჩვენს მთავრობას საჩოთირო მდგომარეობაში აყენებს. ასეთი რამ წარმოუდგენელია, რუსეთში მოხდეს.

სასამართლოს პატიოსნება დიდი ვერაფერი ნუგეშია, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თავს არიდებს რეალური ნაბიჯების გადადგმას გამაოგნებელი, უტიფარი დანაშაულის პასუხად, რომელიც საკუთარ დაუსჯელობაში, როგორც ჩანს, სწორად დარწმუნებულმა სახელმწიფომ ჩაიდინა.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურები მშვენივრად არიან ინფორმირებულები კრემლში გამეფებული გარყვნილების, სიხარბისა და მომაკვდინებელი ბრუტალურობის შესახებ.

ისინი ამ ყველაფერს, თავისი გრაფიკული დეტალებით, ბატონ კამერონსა და სხვა ლიდერებს აწვდიან, იმ დონემდე, რომ პირისპირ შეხვედრისას, პუტინი პრემიერმინისტრში ფიზიკურ ზიზღს აღძრავს.

მაგრამ ანგარიშში გამოყენებული უჩვეულო პირდაპირობა დიპლომატიურ პრობლემას ქმნის. პუტინის რეჟიმთან სამუშაო ურთიერთობის შენარჩუნება არამხოლოდ ლონდონის სითის ცივსისხლიან რუსოფილებს სურთ.

უფრო დიდი პრობლემა დაუნინგ სთრითთან ახლოს მყოფი დამშოშმინებლები და წამყრუებლები არიან. ჩვენი დიპლომატები პუტინის რეჟიმის გამოაშკარავებასა და შერცხვენას უყურებენ არა როგორც გამოსაყენებელ შესაძლებლობას, არამედ როგორც გადასალახ დაბრკოლებას.

სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მხარდაჭერის მოპოვება დაუნინგ სთრითისა და ფორინ ოფისის მთავარი (თუმცა მცდარი) პრიორიტეტია. როგორც ლონდონში, ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში ფიქრობენ, მხოლოდ კრემლს შეუძლია ასადის რეჟიმის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა.

რუსეთმა ეს იცის. სირიაში ხოცვა-ჟლეტას ის იყენებს როგორც ქვეყნის შიგნით ნაციონალისტური ისტერიისათვის, ისევე ქვეყნის გარეთ დიპლომატიური ინტრიგებისთვის. დათმობების გამოსაძალად ის თავს პოტენციურ პარტნიორად ასაღებს. სინამდვილეში კი, სწორედ კრემლის კავშირი სირიის სისხლიან რეჟიმთან არის ომის მთავარი მიზეზი და არა მისი პოტენციური მოგვარება.

ეს კატასტროფულად მცდარი მიდგომაა. თუ გვსურს, ასადის რეჟიმი მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ, მის ზურგის გამმაგრებლებს, როგორებიც არიან რუსეთი და ირანი, კი არ უნდა ვეპირფეროთ, მათზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ.

მაგალითად, უნდა დავიწყოთ რუსული ფულის გათეთრების სქემების გამოძიება, რომელმაც წალეკა ჩვენი ფინანსური სისტემა.

ჩვენ უნდა ვუთხრათ არაკეთილსინდისიერ ბანკირებს, იურისტებსა და ბუღალტრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსი ხალხის ძარცვას, რომ თამაში დამთავრდა.

უნდა გავაძევოთ რუსი ჯაშუშები ლონდონიდან, საჯაროდ, და დავსაჯოთ ყველა, ვინც მათთან თანამშრომლობდა და ღალატობდა ქვეყანას ფულის, წყალობისა და პირფერობის სანაცვლოდ.

ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ ჩვენს მოკავშირეებს ნატოსა და ევროპის კავშირში, რომ შემოგვიერთდნენ ბრძოლაში რუსული ძირგამომთხრელი საქმიანობის, ავანტიურებისა და გავლენით ვაჭრობის წინააღმდეგ, ყველაფერში, ენერგიის მოწოდებით დაწყებული და პროპაგანდით დამთავრებული.

რუსეთის სახელმწიფომ მოკლა ლიტვინენკო იმისთვის, რომ სხვა რუსებისთვის შეეტყობინებინა: არ გაიქცეთ ქვეყნიდან, არ ითანამშრომლოთ დასავლურ სადაზვევრო სააგენტოებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინადირებთ თქვენზე და ნელ, მტანჯველ სიკვდილს მოგიტანთ.

ეს იყო მესიჯი დიდი ბრიტანეთისთვისაც: რუსეთს შეუძლია ჩვენს დედაქალაქში გააკეთოს ის, რაც მოესურვება. ბრიტანეთის მოქალაქეობა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

რა მესიჯს გავუგზავნით ამაზე საპასუხოდ?

ედვარდ ლუკასი წერს ეკონომისტისთვის და არის ვარშავასა და ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაციის, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ვიცეპრეზიდენტი. 2008 წელს პირველად გამოქვეყნებული მისი წიგნი „ახალი ცივი ომი“ განახლებული და შევსებული სახით ხელახლა გამოიცა.

თარგმნა გვანცა აბაშიძემ.

კომენტარები