22 მაისის შუალედური არჩევნები

ქართული ოცნება: ენმ კორცხელში საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფელ კორცხელში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლას გეგმავს". პარტიის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცნობიერებენ, რომ არჩევნებს კორცხელში დიდი უპირატესობით აგებენ, ერთადერთ გამოსავლად კი პროვოკაციების მოწყობასა და არჩევნებისათვის ჩრდილის მიყენებას თვლიან".

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო მიმართავს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, სათანადო რეაგირება მოახდინონ, რათა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს" - ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები რკინის ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. მათივე ინფორმაციით, "პოლიცია ხელებჩამოშვებული თანაუგრძნობს დაქირავებულ, ყაჩაღებად ფორმირებულ ბანდას".

ამასთან, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდამსხმელები არც დაუკავებიათ და არც გაუყვანიათ ტერიტორიიდან.

"ეს ჯგუფები იქ არიან, არსად არ წასულან, არიან შეიარაღებულები, უკიდურესად აგრესიულები, სათითაოდ დასდევენ ადამიანებს და უსწორდებიან ფიზიკურად. ეს არის დიდი წერტილის დასმა მშვიდობიანი არჩევნების პერსპექტივისთვის ამ ქვეყანაში. ეს არის კატასტროფული ვითარება და თუ ჩვენ ამ ვითარებით მივედით 2016 წლის არჩევნებამდე, ჩვენ, მთელი ქვეყანა ამ ხელისუფლების გამო გადავიჩეხებით. მოვუწოდებთ მთავრობას, სასწრაფოდ გამოიყვანონ რკინის კასტეტებით შეირაღებული ორკები, მიიყვანონ პოლიცია და დაამყარონ წესრიგი" - თქვა გაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენების ჯგუფი რუსთავი ორმა ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში დააფიქსირა. ამის შემდეგ კი, ისინი საარჩევნო უბანზე ნახეს. სპორტსმენები კამერას გაურბოდნენ და ამბობდნენ, რომ ტურისტები არიან და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ.

კომენტარები