არჩევნები 2016

ISFED კორცხელზე: ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი მიდგომის ნიშნები იკვეთება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. Isfed-ი თავის ანგარიშში წერს, რომ კორცხელის ინციდენტში ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი მიდგომის ნიშნები იკვეთება. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება. ასევე, პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ მათი მხარდამჭერების მიერ ოპონენტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის, მისი პროვოცირებისა და წახალისების თავიდან აცილება. 

"2016 წლის 22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მმართველი კოალიციის მხარდამჭერი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ვერ უზრუნველყვეს ძალადობის პრევენცია და სამართალდამრღვევთა დაკავება. შემდგომ პერიოდში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა აჭიანურებდა ინციდენტში მონაწილე პირების დროულ გამოვლენასა და პასუხისგებაში მიცემას. ამ დროისათვის, მონაწილე პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო. მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილზე არაეფექტური რეაგირება და შემდგომში პროკურატურის ქმედებები, მათ შორის მძიმე დანაშაულის მიმართ შედარებით მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების - გირაოს შეფარდების მოთხოვნა, შეიცავს ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი მიდგომის ნიშნებს" - ნათქვამია isfed-ის ანგარიშში.

კომენტარები