პოლონეთი

დღეს 6 მილიონამდე პოლონელი ქალი აბორტის აკრძალვას გააპროტესტებს

AFP/Getty Images

პოლონეთში 6 მილიონამდე ქალი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი აბორტის შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გააპროტესტებენ. აღნიშნული ინიციატივა აბორტის სრულიად აკრძალვას და 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აბორტის სრულიად აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს კათოლიკური ეკლესიის გარკვეული ნაწილი და პოლონეთის მმართველი პარტია - კანონი და სამართლიანობა. თუმცა, აღნიშნული კამპანია ულტრაკონსერვატიულმა სამართლის კულტურის ინსტიტუტმა Ordo Iuris წამოიწყო. პეტიცია კი პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც 100 000 მოქალაქის ხელმოწერა შეგროვდა.

23 სექტემბერს პოლონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხის განხილვას საპარლამენტო კომისიაში, რის შემდეგაც ფემინისტებმა მასშტაბური აქცია დააანონსეს.

აღსანიშნავია, რომ აბორტის აკრძალვის მომხრე მოძრაობის წევრებისგან ინიციატივა კონტრაცეპტივების აკრძალვის შესახებაც გაჟღერდა. დღეს, პოლონელი ქალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აქციებს ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქალებიც გამართავენ.

პოლონეთში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აბორტი დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ან ორსულობა გაუპატიურების შედეგია. თუმცა, აქტივისტების თქმით, ექიმების დიდ ნაწილს ხელი მოწერილი აქვს ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება ამ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

კომენტარები