პოლონეთი

პოლონეთის პარლამენტმა აბორტის თითქმის სრულიად აკრძალვაზე კანონპროექტი არ მიიღო

EPA

პოლონეთის პარლამენტმა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში აბორტის თითქმის სრულიად აკრძალვასა და აბორტის გაკეთების შემთხვევაში 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა, არ მიიღო.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ქალების მიერ გამართულმა საპროტესტო აქციებმა მინისტრები კანონპროექტზე კიდევ ერთხელ დააფიქრა. კანონპროექტს მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა, 352 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტის ინიციატორი 450 000 ადამიანი იყო, რომელსაც მხარს კათოლიკური ეკლესიაც უჭერდა.

23 სექტემბერს პოლონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხის განხილვას საპარლამენტო კომისიაში, რის შემდეგაც ფემინისტებმა მასშტაბური აქცია დააანონსეს.

აღსანიშნავია, რომ აბორტის აკრძალვის მომხრე მოძრაობის წევრებისგან ინიციატივა კონტრაცეპტივების აკრძალვის შესახებაც გაჟღერდა. 3 ოქტომბერს პოლონეთში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ათასობით შავ ტანსაცმელში ჩაცმული ქალი გამოვიდა. პოლონელი ქალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აქციები ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ქალებმაც გამართეს.

ცნობისთვის, პოლონეთში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აბორტი დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორსულობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ან გაუპატიურების შედეგია. თუმცა, აქტივისტების თქმით, ექიმების დიდ ნაწილს ხელი მოწერილი აქვს ე.წ. სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც აბორტის გაკეთება ამ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

კომენტარები